33 პაციენტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია - ინფექციური საავადმყოფო

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გუშინ ტესტირება ახალ კორონავირუსზე 33 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია. მათი ნაწილი კარანტინშია გადაყვანილი, ნაწილი კი – თვითიზოლაციას გადის.

„რაც შეეხება იმ 15 ინფიცირებულს, რომლებიც ჩვენს ცენტრში არიან მოთავსებულნი. მათგან, როგორც ვიცით, ერთი პაციენტი არის მძიმე მდგომარეობაში. საბედნიეროდ, გუშინდელი დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, განსაკუთრებული პროგრესირება არ შეინიშნება, მკურნალობას ექვემდებარება და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება და არ გაუარესდება მისი მდგომარეობა. ამის გარდა, 3 პაციენტთან არის საშუალო სიმძიმის მდგომარეობა. მათთან არის დაფიქსირებული ვირუსული პნევმონია, მართვა გრძელდება შესაბამისად და მათი მდგომარეობა სტაბილურია, დანარჩენ პაციენტებთან არის მსუბუქი მიმდინარეობა. მათთან გამოხატულია კლინიკა მხოლოდ დაბალი ცხელების სახით ან თითოეულ მათგანს აქვს ან ხველა, ან სურდო, ან ყელის ტკივილი. მათი მდგომარეობა დინამიკაში სტაბილურია და პროგრესირება ამ დრომდე არ შეინიშნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე დაყრდნობით, საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინში იმყოფება 178, ხოლო სტაციონარში – 56 მოქალაქე.

გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.