უმოქმედობა დანაშაულისა და მოძალადის გვერდით დგომის ტოლფასია - BASSIANI

პუბლიკა

კლუბი BASSIANI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აიღოს მასზე ნაკისრი ვალდებულება და სრულად გამოხატოს ქართველი ხალხის ნება, რომელიც მისი ლეგიტიმაციის წყაროა. კლუბი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და აღნიშნავს, რომ 4-5 მარტის ღამეებში შესული თანხა გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. BASSIANI აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმის შეჩერება მსოფლიოს ყველა პასუხისმგებლობის მქონე ქვეყნის მოვალეობაა, შიშით ნაკარნახევ მეგობრის ღალატს კი ქართული საზოგადოება ხელისუფლებას არ აპატიებს.

„ომის დაწყების პირველივე დღიდან BASSIANI-მა და თბილისის საკლუბო სცენამ უპირობო სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას, ხოლო ქართველი ხალხის თავისუფალმა, მრავალათასიანმა მანიფესტაციებმა თბილისის ქუჩებში, მხნეობა და გამძლეობა შემატა მეგობარ ხალხს. ისტორიამ გვასწავლა და მორალური პრინციპები მტკიცედ გვეუბნება, რომ ძალადობის დროს დუმილი და უმოქმედობა დანაშაულისა და მოძალადის გვერდით დგომის ტოლფასია.

ტრაგიკულია, რომ ამ სიმტკიცეს ვერ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც პირველ რიგში სწორედ ამ ისტორიული მეხსიერებითა და მორალური პრინციპებით გაერთიანებული ქართული საზოგადოების ნებას უნდა წარმოადგენდეს. სიფრთხილე და დაფიქრება კრიზისულ მდგომარეობებში განსაკუთრებით საჭიროა, თუმცა რადიკალური განსხვავებაა რაციონალურ გადაწყვეტილებებსა და შიშით ნაკარნახევ მეგობრის ღალატს შორის, რომელსაც ხელისუფლებას არავინ აპატიებს, პირველ რიგში სწორედ ქართული საზოგადოება, რომლისთვისაც ასეთი ქმედებები არამხოლოდ უცხოა, არამედ სრულ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს ფუნდამენტურ პრინციპებთან და ისტორიულ გამოცდილებასთან.

შიში ვერც სოლიდარობის საფუძველი გახდება, რადგან სოლიდარობა პირველ რიგში გულწრფელი სურვილია, თვალსაჩინო უსამართლობაში უპირობოდ დადგე მსხვერპლის მხარეს, თანაუგრძნო მას და გადაწყვეტილება გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ არ მიიღო. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აიღოს მასზე ნაკისრი ვალდებულება და სრულად გამოხატოს ქართველი ხალხის ნება, რომელიც მისი ლეგიტიმაციის წყაროა. ისტორიის ფურცლებზე უკვე ყველაფერი იწერება.

კიდევ ერთხელ, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და არასდროს ვკარგავთ იმედს, რომ ბოროტება მარცხისთვისაა განწირული“, – აცხადებს BASSIANI