რა ვიცით რუსეთის სამხედრო ხომალდ Moskva-ზე თავდასხმის შესახებ

პუბლიკა

13 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა რუსულ სამხედრო ხომალდს Moskva-ს რაკეტები მოარტყეს და მძიმედ დააზიანეს. დღეს უკრაინის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მათ მიიტანეს სარაკეტო იერიში რუსულ ხომალდზე „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებით. კიევში აცხადებენ, რომ Moskva-მ ჩაძირვა დაიწყო, გემის ეკიპაჟის ნაწილი თურქულმა სამოქალაქო გემმა აიყვანა, ნაწილის ბედი კი გაურკვეველია.

რუსეთის ხელისუფლებამ გემის დაზიანების შესახებ ინფორმაცია დღეს დაადასტურა, მაგრამ უარყვეს მასზე თავდასხმა და ამბობენ, რომ გემზე საბრძოლო მასალებს გაუჩნდა ცეცხლი, რის შედეგადაც ხომალდმა მძიმე დაზიანება მიიღო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ხომალდიდან ეკიპაჟის სრულად ევაკუირება მოხერხდა, ხოლო გემი არ ჩაძირულა და შეძლებენ მისი პორტში დაბრუნებას. თუმცა, მოსკოვში ხომალდის დაზიანების სიმძიმეზე არ საუბრობენ და რთულია თქმა, რეალურად შეძლებს თუ არა ის კიდევ ფუნქციონირებას.

Moskva-ზე თავდასხმას საერთაშორისო მედიაში რეზონანსი მოჰყვა. ეს სწორედ ის ხომალდია, რომელიც კუნძულ ზმეინიზე მყოფ სამხედროებს დანებებისკენ მოუწოდებდა, მათ კი უკვე საყოველთაოდ ცნობილი ფრაზით უპასუხეს მტერს.

Moskva შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანია. ის გამორჩეულ მნიშვნელობას ატარებს რუსეთისთვის, მისი ძლიერების სიმბოლოა და მუდმივად მონაწილეობდა სხვადასხვა ოპერაციაში. თავად Moskva-ს არ აქვს სახმელეთო ობიექტებზე შეტევისთვის განკუთვნილი იარაღი, როგორიცაა მაგალითად „კალიბრის“ რაკეტები. ის შეიარაღებულია ხომალდსაწინააღმდეგო შეიარაღებითა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებით.

შესაბამისად, თავისთავად ხომალდს ნაკლებად უწევდა ომში ჩართვა, რადგან უკრაინა რუსეთს ზღვაში არ უპირისპირდებოდა, მაგრამ ზმეინის შემთხვევიდან და შემდეგ გადაღებული სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ ის ხშირად არის გარშემორტყმული სხვა ხომალდებით. შესაბამისად, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ Moskva სამეთაურო როლს ასრულებდა შავი ზღვის ფლოტში.

ასე რომ, როგორც BBC-თან რუსეთის შესახებ კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, მაიკლ პეტერსენი ამბობს, უკრაინელებისთვის მის დაზიანებას განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ ატარებდა სამხედრო დატვირთვასაც, მიუხედავად იმისა, რომ ხომალდიდან არ ესროდნენ უკრაინის სახმელეთო ობიექტებს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ თავდასხმის შემდეგ რუსულ ხომალდებს უკან დახევა და მეტი სიფრთხილით მოქმედება მოუწევთ, რაც უკრაინას სიმბოლურ, პოლიტიკურ გამარჯვებასთან ერთად, სამხედრო უპირატესობასაც მისცემს.