5 ივლისის შესახებ „პუბლიკის“ სიუჟეტები საიამ სტრასბურგში გაგზავნილ საჩივარს დაურთო

პუბლიკა

5 ივლისის შესახებ „პუბლიკის“ მიერ მომზადებული სიუჟეტები საიამ ერთ-ერთ მტკიცებულებად დაურთო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ საჩივარს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, 2021 წლის 5 ივლისს მედიის დაზარალებული წარმომადგენლების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი გააგზავნა. საუბარია 16 ჟურნალისტზე, ოპერატორსა და ფოტოგრაფზე.

ორგანიზაციის ინფრომაციით, საჩივარში საია დავობს, რომ მათ მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები.

ორგანიზაცია თავის განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის განაჩენზე, „რომელიც უნდა ყოფილიყო ბრალდების მხარისთვის ორგანიზატორებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ერთ-ერთი წინაპირობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ განაჩენით დგინდება, რომ სამართალწარმოებისას გამოკვლეულ მტკიცებულებები ადასტურებდა ივნისის თვეში ,,ალტ ინფოს“ მიერ 5 ივლისს განსახორციელებელ მოქმედებებთან დაკავშირებით ერთგვარი გეგმის არსებობას“.

„ჩანაწერის თანახმად, სტუდიაში მიმდინარეობს საუბარი ოთხ პირს შორის, რომლებიც გეგმავენ სამოქალაქო რეაგირების ჯგუფების შექმნას. სიუჟეტში ვითარდება შეხედულება, რომ ძალადობა ასეთ შემთხვევაში დასაშვებია და ძალადობრივი ქმედების განმახორციელებელი პირების მხრიდან სასჯელის მოხდაც პრობლემა არ უნდა იყოს. ამასთან, შს მინისტრი აცხადებდა, რომ გამოძიების სტრატეგია იყო ჯერ ამსრულებლების, ხოლო, შემდეგ ორგანიზატორების გამოვლენა („გამოძიება, პირველ რიგში, შემსრულებლებიდან იწყება, და მერე უნდა აჰყვე ზემოთ.“) თუმცა, მიუხედავად სასამართლოს მიერ 2022 წლის 4 აპრილის განაჩენითაც ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთისა, დღემდე არც ერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის“ – აცხადებს საია.