5-წლიანი პატიმრობა ლაზარე აროშვილს — სააპელაციომ საქალაქოს განაჩენი ძალაში დატოვა

პუბლიკა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, კახაბერ მაჭავარიანმა  27 წლის ლაზარე აროშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ აროშვილისთვის ორი ინსტანციის სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა განსაზღვრა.

27 წლის ლაზარე აროშვილი 2023 წლის 22 მარტს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მაია ქოქიაშვილმა ძარცვასა და თავდასხმაში დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლაზარე აროშვილთან ერთად დაკავებულ დავით აბრამიშვილსაც ასევე პატიმრობა მიესაჯა. სააპელაციომ ეს განაჩენიც ძალაში დატოვა.

აბრამიშვილის და აროშვილის ადვოკატი თემურ გოგსაძე „პუბლიკას“ ეუბნება, რომ საქმეში აროშვილისა და აბრამიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს, შესაბამისად, განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა. გოგსაძე ფიქრობს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიიღო, რადგან „საქმეზე არსებობს გარკვეული ძალების დაინტერესება”. 

ადვოკატის თქმით, მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანის განაჩენს გაასაჩივრებენ და თუ უზენაესი სასამართლოც გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, გოგსაძის თქმით, საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა.

სააპელაციოს განაჩენს ლაზარე აროშვილის დედა, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი რუსიკო კობახიძე Facebook-ზე გამოეხმაურა და პოსტს თან მოსამართლის ფოტო დაურთო.

„გაიცანით მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანი, რომელმაც უგულებელყო ყველა სამართლებრივი არგუმენტი (მათ შორის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა) და დათოს და ლაზარეს განაჩენი (5 წლით თავისუფლების აღკვეთა) ძალაში დატოვა.

ეს სასამართლო არაა, ბოსელია. მაინც მოგიწევთ პასუხისგება ამ უსამართლობაზე.
გპირდებით”. – წერს რუსიკო კობახიძე.

 

ლაზარე აროშვილი 2021 წლის იანვარში დააკავეს.

ბრალდების ვერსიით, ლაზარემ 2 დაზარალებულს ფული და ტელეფონი წაართვა. დაცვის მხარე ამბობს, რომ მოსამართლემ მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებები მიიღო მხედველობაში, არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები და არც ის გარემოებები, რომლებიც ბრალდების ვერსიას საეჭვოს ხდიდა.

ლაზარე აროშვილი თავის დაკავებას ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსთან, ჯონი კოშაძესთან მომხდარ უთანხმოებას უკავშირებს.

მისი  თქმით, დაკავებამდე ორი კვირით ადრე პოლიციის სამმართველოს უფროსთან , ჯონი კოშაძესთან „შელაპარაკება“ ჰქონდა, რის შემდეგაც კოშაძე მას დაემუქრა.

ლაზარე აროშვილის დედა, რუსიკო კობახიძე „პუბლიკასთან“ ამბობდა, რომ ჯონი კოშაძე მის შვილს დაკავების დღესაც დაემუქრა, პოლიციის განყოფილებაში, თავის კაბინეტში – „აქ ქურდი მე ვარ, მე შენ გიჩვენებ სეირსო”. ლაზარეს დედა ფიქრობს, რომ „ეს იყო პირადი ბოღმა – ჯონი კოშაძე ლაზარეს გადაეკიდა”.  

მისი თქმით, საქმეში წარმოდგენილი ორი ე.წ დაზარალებული „გამოგზავნეს“ და ბრალდებაც გამოიგონეს.