5 ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიიდან 2020 წელს არც ერთს არ ჰქონია მოგება - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ შეისწავლა სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი. გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მთავარი გამოწვევა 2021 წელს  კორონავირუსი და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები იყო.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 7.8 მლნ ლარით გაიზარდა (10.4%) და 83.1 მლნ ლარი შეადგინა.

„2021 წელს ყველაზე მეტი რეკლამა, „იმედის“ ჰოლდინგმა მიიღო. მისმა შემოსავალმა 2021 წელს 31.1 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის 37.4%) შეადგინა. მეორე ადგილზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „მთავარმა არხმა“ ჩაანაცვლა 11.9 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის 14.3%) შემოსავლით“, – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა, რაც დროში მფლობელის შეცვლას ემთხვევა.

2021 წელს კერძო ტელევიზიებიდან ჯამური შემოსავლების მხრივ პირველი ადგილი „ფორმულას“ ეჭირა 37.5 მლნ ლარით, რომელშიც 31.6 მლნ ლარი „არასამაუწყებლო შემოსავალია“, რაც მფლობელისგან, დავით კეზერაშვილისგან სესხის სახით აღებული თანხაა.

5 ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიიდან 2020 წელს არც ერთს არ ჰქონია მოგება. ყველზე დიდი ზარალი, 74.5 მლნ ლარი, ტელეკომპანია „იმედმა“ განიცადა.

საზოგადოებრივი მაუწყებელის სარეკლამო შემოსავალი 2021 წელს 2.4 მლნ ლარი იყო. ეს 1.4 მლნ ლარით მეტია 2020 წელთან წელთან შედარებით.

რაც შეეხება პოლიტიკურ რეკლამას, ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე ფასიან პოლიტიკურ რეკლამაზე 3.8 მლნ ლარამდე თანხა დაიხარჯა.

„ყველაზე მეტი თანხა, 2.3 მლნ ლარი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, მას მოსდევს „ლელო საქართველოსთვის“ 1.1 მლნ ლარით და „ნაციონალური მოძრაობა“ 0.3 მლნ ლარით“, – წერია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეკლამა ძირითადად „იმედის“ ჰოლდინგში, „რუსთავი 2-სა“ და „პოსტვ-ზე“ განათავსა, ხოლო „მთავარ არხზე“, „ფორმულაზე“ და ტელეკომპანია „პირველზე“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა საერთოდ არ მიუტანია. თავის მხრივ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამის ძირითადი ნაწილი „მთავარ არხსა“ და „ფორმულაზე“ განათავსა და „იმედის“ ჰოლდინგში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არ მიუტანია.

რაც შეეხება „ლელო საქართველოსთვის“, რეკლამის დიდი ნაწილი ტელეკომპანია „პირველში“ და „მთავარ არხზე“ განათავსა.

კვლევა მოიცავს ყველა კერძო ტელევიზიასა და საზოგადობრივ მაუწყებელს. წარმოდგენილი მასალა ეყრდნობა ღია მონაცემებს, გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციასა და სფეროს წარმომადგენლებთან ჩაწერილ ინტერვიუებს.

 

LB loan image desktop LB loan image mobile