7 მედიასაშუალება საზოგადოებას ერთობლივი განცხადებით მიმართავს

პუბლიკა

დღეს, რუსთაველის გამზირზე საერთო ეთერის საშუალებით სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა  საზოგადოებას მიმართეს.

7 მედიასაშუელბის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო 30 წლის ისტორიაში ჩვენ თითქმის არასდროს გვქონია ისეთი გადამწყვეტი მომენტი, როგორც ახლა.

„ჩვენი ქვეყანა დგას ძალიან ნათელი არჩევანის წინაშე: ევროკავშირი თუ ოლიგარქი. ევროკავშირი, სადაც არის ჩვენი განვითარების ერთადერთი შესაძლებლობა და უსაფრთხოება, თუ ოლიგარქი, რომელსაც ყველგან – პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საჯარო ცხოვრებაში აქვს საკუთარი ინტერესი; რომელიც მართავს ყველა სახელისუფლებო შტოს – პარლამენტს, მთავრობას, სასამართლოს.

ევროკავშირი დღეს ჩვენ გვეუბნება, რომ მისი კარი ღიაა, ამ დროს კი საქართველოს ხელისუფლება, მისი ქმედებებითა და განცხადებებით, ამ კარს გულმოდგინედ კეტავს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის უარი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარუმატებლობაა, რაც დღეს – ახალი მსოფლიო წესრიგის დადგენის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის უკრაინის თავს დატეხილი რუსული აგრესიის ფონზე შეიძლებოდა განგვეცადა.

ეს ისეთი მარცხია, რასაც არ იმსახურებდნენ არც ჩვენი წინაპრები – ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირები, არც ჩვენ და არც მომავალი თაობები. ეს არის მარცხი, რომელიც ქვეყანაში მოიტანა ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ, მისმა 1 კაცზე – ბიძინა ივანიშვილსა და მის ინტერესზე ორიენტირებულმა 10-წლიანმა მუშაობამ”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაშვებულია უპატიებელი შეცდომები (ყველაზე მსუბუქი შეფასებით) და ამ შეცდომებს სჭირდება საზოგადოების პრინციპული პასუხი, ვინაიდან მხოლოდ საზოგადოება შეძლებს დაიბრუნოს ის, რაც წაართვეს და რაც უპირობოდ მისია – ამ ქვეყნის მომავალი.

მიმართვას ხელს აწერს: ფორმულა, მთავარი არხი, TV პირველი, კავკასია, On.ge, პუბლიკა, ნეტგაზეთი.