80 წლის ქალი, ალბათ, ხვალისთვის დატოვებს კლინიკას - ლევან რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით, მის კლინიკაში 81 პაციენტი მკურნალობს, მათგან 66-ს აქვს კორონავირუსი. რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 9 პაციენტი. ლევან რატიანის თქმით, მათი მდგომარეობა, მეტ-ნაკლებად, სტაბილურია.

„სამი პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. მძიმე რჩება 4 პაციენტის მდგომარეობა.  ქალბატონი, 80 წლის, დღეს გადმოვა თერაპიის განყოფილებაში და, ალბათ, ხვალისთვის დატოვებს კლინიკას. ორჯერადი ანალიზით, მას აღარ დაუდასტურდა ინფექცია.

ასევე, გვყავდა 42 წლის ბატონი, რომელსაც მოეხსნა სუნთქვის უკმარისობა, ჩატარებული სიმპტომატური კვლევის შედეგად, აღდგენილია ფილტვის ქსოვილის სტრუქტურა. ეს პაციენტიც გადავიდა თერაპიულ განყოფილებაში.

დღეს რეანიმაციიდან კიდევ ერთი პაციენტის გადაყვანას ვაპირებთ, რომლის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, ესეც არის ახალგაზრდა პაციენტი, სუნთქვის უკმარისობის მკვეთრი დარღვევით”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისი განცხადებით, 66 ინფიცირებულიდან 33-ის შემთხვევაში დადასტურებულია, კომპიუტერული ტომოგრაფიით, მწვავე პნევმონია.

13 აპრილის 12:00-ის მონაცემებით, stopcov.ge-ს მიხედვით, საქართველოში დადასტურებულია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 266
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 67
  • მათ შორის გარდაცვლილი – 3
  • კარანტინის რეჟიმში – 4890
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 439
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3