80 წლის ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე მკვეთრად დადებითია – კლინიკის დირექტორი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს იმ ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გააცნო ინფორმაცია, რომლებსაც კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდათ და მკურნალობას აღნიშნულ კლინიკაში გადიან.

კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, ოთხივე მათგანის მდგომარეობა დღეისათვის სტაბილურია. მისივე თქმით, კლინიკაში მკურნალობას გადის 80 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც ამ ეტაპზე მკვეთრად დადებითია.

„მოგეხსენებათ რომ ქვეყანას ამ ეტაპზე სახელმწიფო პროტოკოლი არ აქვს მკურნალობის, ამიტომ ჩვენი კლინიკა ხელმძღვანელობს მარსელის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გამოყენებული პროტოკოლითა და გაიდლაინით. აღნიშნული მკურნალობის გამოყენებამ მოგვცა ეფექტი. ოთხივე პაციენტის მდგომარეობა დადებითი კლინიკური მდგომარეობთ ფასდება ამ ეტაპზე. მიმაჩნია, რომ დღეს შეიკრიბება სააკოორდინაციო საბჭო მკურნალობასთან დაკავშირებით და გათვალისწინებული იქნება აღნიშნული მკურნალობის ტაქტიკა.

რაც შეეხება 80 წლის ქალს, მკურნალობის შედეგად, გასული 24 საათის განმავლობაში მისი მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით, სუნთქვის უკმარისობის ხარისხი შემცირებულია, გუნება-განწყობილება აღნიშნულ პაციენტთან დადებითად ფასდება. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე შემიძლია, გითხრათ რომ, პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია“, – განაცხადა მან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში 1 ინფიცირებული პირი გამოჯანმრთელებულია, კარანტინის რეჟიმში 1575 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275.