გომელაური „ალტ-ინფოზე“: კორეა მოეწონება ვიღაცას, ჩინეთი, რუსეთი თუ ბრაზილია და გავერთიანდეთო, მაგაზე ხომ ვერ დავიჭერთ

პუბლიკა

პარლამენტში დღეს გამართული მოსმენის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს პრორუსულ „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებით შეკითხვები ჟურნალისტებმაც დაუსვეს.

მედიის წარმომადგენლებმა მინისტრს ჰკითხეს, ხედავთ თუ არა რაიმე სახის დანაშაულს „ალტ-ინფოს“, როგორც პარტიის მოქმედებებში. ჟურნალისტმა შეკითხვისას ასევე გაიხსენა ახლა უკვე „ალტ-ინფოს“ პარტიის თავმჯდომარის ზურა მახარაძის განცხადებები რუსული ბაზების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით. შეკითხვის ფორმულირება ასევე შეეხო კონსტიტუციაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ჩანაწერს.

„კანონით არანაირად არ ეწინააღმდეგება. აზრის გამოხატვის უფლება აქვს ყველა ადამიანს. კორეა მოეწონება ვიღაცას, ჩინეთის მიმართულება თუ, რუსეთის თუ ბრაზილიის მიმართულება, პარტია რომ შეიქმნას ხვალ და [თქვას], ბრაზილია მინდა მე და გავერთიანდეთ ბრაზილიასთან, მაგაზე ხომ ვერ დავიჭერთ?!  არაა ეგეთი ცნება მუხლში.

…მე რა უნდა გავაკეთო, შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ, მე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც კანონი მაქვს დაწერილი და იმით ვხელმძღვანელობ, ასეა პროკურატურაც…“, – განაცხადა გომელაურმა.

ზურა მახარაძემ 2021 წელს პრორუსულ პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ეთერში განაცხადა, რომ რუსებს [საქართველოში] აინტერესებთ სამხედრო ბაზები.

„საქართველოშიც აინტერესებთ, რომ ჰქონდეთ ბაზები, რომ თურქეთთან, ერთ-ერთ მთავარ რეგიონულ მოთამაშესთან ჰქონდეს დაფიქსირებული ზღუდე…  აქ რომ თურქული ექსპანსია მოხდეს და ჩრდილო კავკასიამდე მივიდეს თურქული გავლენის ზონა, ეგ ნიშნავს, რომ ჩრდილო კავკასია ფეთქდება და მერე ვოლგისპირეთამდე იქ ხანძარი უნდა იყოს საერთოდ. ომის ხანძარი გაჩნდება მთელი რუსეთის სამხრეთ მიმართულებაში და მაგის დაზღვევა უნდა რუსეთს რა…

რუსებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბაზა იყოს რავი, გონიოსთან. და გონიოსთან თუ ვლაგდებით ბაზაზე, სოხუმზეც ვლაგდებით რა“, – აცხადებდა მახარაძე.