გუმათჰესთან დაკავებული 8 პირი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად არ ცნეს

პუბლიკა

სასამართლომ 27 მაისს გუმათჰესთან დაკავებული 8 პირი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში სამართალდამრღვევად არ ცნო, – ამის შესახებ „პუბლიკას” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, დარინე სალდაძემ განუცხადა.

დაკავებულებს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას) მუხლების დარღვევას ედავებოდა.

ადვოკატის თქმით, სასამართლომ რვავე დაკავებულზე 173-ე მუხლის ნაწილში საქმისწარმოება შეწყვიტა, ხოლო რაც შეეხება 166-ე მუხლს, ისინი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა არ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სახეები და მათ მხოლოდ შენიშვნა გამოუცხადა.

როგორც ადვოკატი ამბობს, გეგმავენ ამ ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას.


ისინი 27 მაისს დააკავეს, რა დროსაც გუმათჰესთან აქციის მონაწილეთა ნაწილი ბარიკადებს მიღმა, სოფელში გადასვლას ცდილობდა.