გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერის გამო დაჯარიმდა. ამის შესახებ „პუბლიკას“ თბილისის მერიაში განუცხადეს.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ გია გაჩეჩილაძეს 1000-ლარიანი ჯარიმის ქვითარი 2 ივნისს გაუგზავნეს. თუმცა, როგორც მერიაში „პუბლიკას“ უთხრეს, ჯერ გადახდა არ დაფიქსირებულა.
9 აპრილს გია გაჩეჩილაძემ თანამოაზრეებთან ერთად ევროპის მოედანზე აქცია გამართა და „საქართველოს მარადისობის დღე“ დააფუძნა. მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტზე პულივიზატორით წარწერა გააკეთა „ღმერთი სიყვარულია“.
ბერლინის კედლის ფრაგმენტი ქართულ-გერმანული მეგობრობის ნიშნად 2017 წელს დაიდგა.
ქალაქის მუნიციპალიტეტმა განმარტება გააკეთა, რომ ადგილი ჰქონდა კანონდარღვევის ფაქტს: „მერია იმოქმედებს კანონის შესაბამისად და გამოიწერება ჯარიმა. ძეგლზე წარწერის გაკეთება 1000 ლარით ჯარიმდება”.