10 წელი მიესაჯა სატვირთოს მძღოლს, რომელიც მიკროავტობუსს დაეჯახა და შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა - პროკურატურა

პუბლიკა

„სასამართლომ გორის რაიონის სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასვე სამი წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა”, – ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

საუბარია გასული წლის ოქტომბერში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც, პროკურატურის ცნობით, სატვირთო მანქანა სარეზერვო ზოლში გაჩერებულ სამზგავრო მიკროავტობუსს დაეჯახა.

„2020 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, გორის რაიონის სოფელ შავშვებთან გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზის მარჯვენა სამოძრაო ზოლში, დასავლეთის მიმართულებით  მოძრავმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მ.ს.-მ ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და ყოველგვარი ხელისშემშლელი გარემოებების გარეშე გადავიდა საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, სადაც შეეჯახა სარეზერვო ზოლში გაჩერებულ სამგზავრო მიკროავტობუსს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ბ.რ. და მისი მგზავრები – ო.ჯ., ბ.შ., ი.გ., ე.ა. და გ.ჯ. გარდაიცვალნენ, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს გ.ვ.-მ და ლ.ჯ.-მ.”, – წერია განცხადებაში.