„ჰომოფობიური და მუქარის შემცველი“ - GDI ლევან ვასაძის გუშინდელ განცხადებაზე

პუბლიკა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ლევან ვასაძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. ორგანიზაციის თქმით, ეს იყო ჰომოფობიური და მუქარის შემცველი განცხადება.

გუშინ ბიზნესმენმა და პარტიის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებლმა, ლევან ვასაძემ მიმართა ხელისუფლებას, რომ აძლევს 10 დღიან ვადას 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის გასაუქმებლად და გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მისაღებად.

GDI გმობს ამ განცხადებას, როგორც სიძულვილის წამახალისებელსა და ჰომოფობიურს.

„საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით დაცული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომლითაც სარგებლობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველასთვის არადისკრიმინაციულად, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ სხვა ნიშნისა. ამავდროულად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოება.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამ ვალდებულებას არ ასრულებს, რის გამოც ლგბტ+ თემის წარმომადგენლებს უკვე წლებია არ ეძლევათ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზების შესაძლებლობა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.

ხელისუფლება სათანადო ღონისძიებებს არ ატარებს ლევან ვასაძის, სხვა სიძულვილის ჯგუფების და ზოგადად, ჰომოფობიური და სიძულვილის წამახალისებელი განცხადებების/ძალადობრივი ქმედებების საპასუხოდ და არ ახორციელებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტურ გამოძიებას.  სწორედ ამის შედეგია ის, რომ ყოველწლიურად ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერები და წევრები ღიად იმუქრებიან და აანონსებენ თავდასხმებს ლგბტ+ თემის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებზე, “- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

GDI მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები ღირსების მარშის გამართვამდე, მათ შორის დაიწყონ გამოძიება ყველა დანაშაულის შემცველი შემთხვევის მიმართ, ხოლო დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში უზრუნველყონ თითოეული აქტივისტის უსაფრთხოება.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ისინი მონიტორინგს გაუწევენ სახელმწიფო უწყებების მიერ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს და აღმოუჩენს სამართლებრივ მხარდაჭერას კვირეულის ორგანიზატორებს.