პროკურატურის განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ცრუ მეწარმეობისა და ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.
მათი თქმით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ ფ.ნ.-მ შექმნა სტრუქტურულად მოქმედი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანსაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანა და ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსების გზით კანონიერი სახის მიცემა წარმოადგენდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც პორკურატურა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ფუნქციებში შედიოდა სამეწარმეო განზრახვის გარეშე იურიდიული პირების შექმნა და მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესრულება, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავების მეშვეობით, საზღვარგარეთიდან საქართველოში თანხის მალულად შემოტანა, შემდგომში დანაწევრება და გამოგონილი დანიშნულებით ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსება.
ასევე, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის დამზადება და მათ საფუძველზე სხვადასხვა ქვეყანაში საბანკო გადარიცხვების განხორციელება. წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ ფ.ნ.-მ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მეშვეობით, სამეწარმეო სუბიექტად დაარეგისტრირა რამოდენიმე იურიდიული პირი, რომელთაც ანგარიშები გაუხსნეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში.
„2016-2020 წლებში, საქართველოში შეგროვებული, მათ შორის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან შემოტანილი და ნაწილობრივ სახეცვლილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხა: 15 385 489.6 აშშ დოლარი, 20 786 875 ევრო და 1 268 036.6 ლარი, მისი უკანონო წარმომავლობის შესანიღბად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და გამოგონილი დანიშნულებით განათავსეს მათ მფლობელობასა და მმართველობის ქვეშ არსებული საწარმოების საბანკო ანგარიშებზე.
შემდგომში, მართლსაწინააღმდეგოდ შეკავშირებულმა პირებმა, მათ მიერ დამზადებული და საბანკო დაწესებულებებში წარდგენილი ყალბი ინვოისებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე, თითქოსდა სხვადასხვა საქონლის შეძენის დანიშნულებით, საწარმოების საბანკო ანგარიშებიდან განახორციელეს მრავალჯერადი ტრანზაქციები სხვადასხვა ქვეყანაში“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, 2021 წლის 15 ივნისს, დააკავეს დანაშაულში მონაწილე ხუთი პირი – გ.ა., გ.გ., გ.ჩ., მ.ც. და დ.დ, რომელთაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, ხოლო ორგანიზატორის ფ.ნ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-193-ე მუხლითა და 25-194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით დაუსწრებლად დაიწყო.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედება, 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.