პანდემიით დაღლილნი და „ბედის ძალით“ შთაგონებულნი

დავით ბუხრიკიძე

თბილისური საოპერო გალა – ბევრი ვერდი, ცოტა მასკანი და ოთხი დირიჟორი

ჯუზეპე ვერდი რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ყველაზე პოპულარული და „შინაური“ კომპოზიტორია, 17 ივლისს გამართულმა საოპერო გალამაც დაადასტურა. პანდემიის გამო, წელიწადნახევრიანი ჩაკეტილობის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პუბლიკამ სცენაზე საოპერო დასის სრული და მრავალფეროვანი შემადგენლობა იხილა.

პანდემიით დაღლილი და „ბედის ძალით“ შთაგონებული მომღერლები (სხვათა შორის, ვერდის ამავე სახელწოდების ოპერიდან პრეციოზილას არია Rataplan გუნდის თანხლებით ასევე შესრულდა გალა საღამოზე) განსაკუთრებული ძალისხმევით სწორედ ვერდის ოპერებს ასრულებდნენ. ოპერა-გალას სცენოგრაფიაც გაფორმებული იყო  ვერდის „სიმონ ბოკანეგრას“ ერთ-ერთი სცენით, რომლის პრემიერა ჯერ კიდევ 2018 წლის ივნისში გაიმართა თბილისის ოპერაში.

რეჟისორ კარლო ფელიჩეს მიერ გენუაში დადგმული „სიმონ ბოკანეგრა“ ჩვენმა ოპერამ მაშინ რამდენიმე წარმოდგენის უფლებით შეიძინა. ამდენად, ორნაწილიანი საოპერო გალა კონკრეტულად ვერდის ამ ოპერის დეკორაციის – მრავალსაფეხურიანი კიბეებისა და გიგანტური თაღების ფონზე თითქოს ლოგიკურიც ჩანდა… მაგრამ ვერდის მიღმა და გარეშე, როდესაც სხვა ოპერების ეპიზოდებს ვუცქერდით, „ბოკანეგრას“ დეკორაციები ცოტა აბსურდულად გამოიყურებოდა. საერთოდ, როდესაც გალაკონცერტი ამგვარი სიჭრელისა და მრავალფეროვნების კონცეფციით იმართება, უკეთესია აბსტრაგირება კონკრეტული საოპერო განწყობისგან და მაქსიმალურად  ნეიტრალური თუ განზოგადებული სცენოგრაფიული გარემოს შექმნა.

სპეციალურად მონიშნული სკამები, ორკესტრის გადმოსხმა პარტერში (რამდენიმე რიგი მთლიანად აღებული იყო), სიმებიანი საკრავების გამიჯვნა დანარჩენი ორკესტრისგან, მინის კედლით და პირბადიანი გუნდის წევრები, ცხადად მიანიშნებდა, რომ პანდემიას განსაკუთრებული ვერაფერი მოვუხერხეთ და ისევ აკრძალვებისა და დისტანციის დაცვის რეჟიმში ვცხოვრობთ.

ოპერისა და ბალეტის ორკესტრს განსხვავებული ტემპერამენტის, მანერებისა და ჟესტების ოთხი დირიჟორი ხელმძღვანელობდა: შთაგონებულად ენერგიული და სადირიჟორო პულტთან ხტუნვასა და რიტმს აყოლილი ზაზა აზმაიფარაშვილი, თავშეკავებული და ძუნწი ჟესტებით გამორჩეული დავით მუქერია, ელეგანტურად მელანქოლიური კახი სოლომნიშვილი და სრულიად ახალგაზრდა, მონდომებული, მაგრამ მაინც თავდაჭერილი ლევან ჯაგაევი.

ვერდის ექვსი ოპერა – „ნაბუკოს“ უვერტურა, ტრიო „ტრუბადურიდან“,  არია  ოპერიდან „ბედის ძალა“, დუეტი „დონ კარლოსიდან“, პირველი მოქმედების ფინალი „მაკბეტიდან“, ჯილდასა და რიგოლეტოს დუეტი „რიგოლეტოდან“ და ცნობილი სექსტეტი „აიდადან“ ჩვენი ვერდიანული ვნების დადასტურებას ნიშნავდა.

ამას დაუმატეთ ვერისტი კომპოზიტორი პიეტრო მასკანი (ორი დუეტი „სოფლის ღირსებიდან), ასევე დუეტი პუჩინის ოპერიდან „მადამ ბატერფლაი“, კვინტეტი და ფინალური დუეტი ბიზეს „კარმენიდან“, ცნობილი სექსტეტი დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმურიდან“ და „ყვავილების დუეტი“ ლეო დელიბის „ლაკმედან“. მოკლედ, მთლიანად ეს იტალიური რეპერტუარი, ოდნავ ფრანგული აქცენტით ნიშნავს იმას, რომ რა კატაკლიზმებიც არ უნდა მოხდეს ან გავიაროთ, მაინც იტალიური ოპერისა და ვერდის თაყვანისმცემლებად ვრჩებით.

დაახლოებით სამსაათიანი გალაკონცერტიდან, რომელშიც ჩასაფრებული კრიტიკოსისა თუ მუსიკის მოყვარულის ყური საკმაო ხარვეზებს აღმოაჩენდა, უნდა ვთქვათ, რომ ქართული საოპერო სკოლა მაინც ინარჩუნებს ხარისხსა და წამყვან პოზიციებს. როგორც ჩანს, გუნდი და ორკესტრი ბოლომდე სათანადო ფორმაში არ  იყვნენ, თუმცა მომღერლების დიდი ნაწილის მონდომება, განწყობა და ვოკალი პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

მოულოდნელი სიახლე იყო პირველ განყოფილებაში შესრულებული სექსტეტი დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმურიდან“ და „ყვავილების დუეტი“ ლეო დელიბის „ლაკმედან“ (მარიამ როინიშვილი და ირინა შერაზადიშვილი). ასევე, უნდა აღვნიშნოთ მაყვალა ასპანიძისა და ოთარ ჯორჯიკიას  შესანიშნავი დუეტი პუჩინის ოპერაში „მადამ ბატერფლაი“. პირველი აქტის ბოლოს კი, თითქოს სიმბოლურად, „მაკბეტის“ პირველი აქტის ფინალი შესრულდა, რომლშიც სულხან გველესიანს, ხათუნა ჭოხონელიძესა და ლევან მაკარიძეს გამოვარჩევდით.

მეორე განყოფილებაში საინტერესოდ წარმოჩინდა ორი დუეტის ერთგვარი შეჯიბრება მასკანის „სოფლის ღირსებაში“: ჯერ თეა დემურიშვილი (სანტუცა) და მამუკა ლომიძე (ტურიდუ), შემდეგ ხათუნა ჭოხონელიძე (სანტუცა) და ანზორ ხიდაშელი (ტურიდუ). კარგად ჟღერდა „რიგოლეტოდან“ ჯილდასა და რიგოლეტოს დუეტიც (მშვენიერი კოლორატურული სოპრანო მარიკა მაჩიტიძე და ძლიერი, მსუყე  ბარიტონი – სულხან გველესიანი).

„კარმენში“ დასამახსოვრებელი არტისტიზმითა და ჟღერადობით გამოირჩეოდა მეცოსოპრანო ირინა ალექსიძე. ოპერა გალა დასრულდა „აიდას“ მეორე აქტის გრანდიოზული ფინალით, რომელშიც ახალგაზრდა და შედარებით გამოცდილი მომღერლები მონაწილეობდნენ: მაყვალა ასპანიძე, კონსტანტინე ყიფიანი, ვანო გალუაშვილი, თეა დემურიშვილი, გიორგი ჭელიძე, ლეგი იმედაშვილი.

მოკლედ, ოპერის მოყვარულებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად შეემოწმებინათ, რა ხდება პანდემიის ჟამს ოპერის თეატრში და როგორ უმკლავდებიან მომღერლები თავიანთ ბედისწერასა თუ ვერდის „ბედის ძალას“.

  • 217684276-150245277114494-8680622445130239419-n
  • 217991900-343257374086304-6553592052709758117-n
  • 217563997-2966225136974691-2866545042071421173-n
  • 217604144-1177295286079765-2842892277931178187-n
  • 01 /