მომგებიანი ბიზნესი თუ მილევადი ტრადიცია - რა გზას გადის მეცხვარეობა

მეცხვარეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგია. ცხვარიც ადგილობრივი სახეობისაა, რომელსაც უკვე საუკუნეებია, მწყემსავენ. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ცხვარი აღმოსავლეთ საქართველოში. გაშლილ მინდვრებში თეთრად მოფენილი ფარა, მეცხვარეები, ცხენებითა და ცხვრის გარშემო დინჯად მოარული ძაღლებით.

მაგრამ შეუძლია თუ არა მას, წარმატებულ ბიზნესსექტორად იქცეს? როგორ გაუძლო პანდემიას მეცხვარეობამ, რა პერსპექტივა აქვს ცხვრის ყოლას საქართველოში, არის თუ არა განვითარებადი ბიზნესი თუ მილევის, გაქრობისთვის განწირულ ტრადიციად დარჩა?

მეცხვარეობა პანდემიის პირობებში

„წლეულს ვერ გეტყვი, რა მოხდება ან რა არ მოხდება, მაგრამ შარშან ძალიან ბევრი პრობლემა შემექმნა“, – ამბობს თეიმურაზი „პუბლიკასთან“. თეიმურაზ ჯავახიშვილი გამოცდილი მეცხვარეა. წლებია, ოჯახთან ერთად ცხვარს უვლის. 3000-მდე სული ცხვარი ოჯახს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ჭაჭუნის აღკვეთილში ჰყავს, რომელსაც ზამთრის საძოვრებად იყენებენ.

თეიმურაზი ჰყვება, რომ წლიდან წლამდე ბევრი გამოწვევა თუ პრობლემა ჰქონიათ, მაგრამ შარშან საგრძნობლად იზარალა მისმა ბიზნესმა, ისე, რომ ცხვრის შენახვაც კი გაუჭირდათ. კორონავირუსის პანდემიამ მის საქმიანობასაც დაატყო კვალი.

„დოლარმა აიწია; მწყემსის ხელფასმა აიწია; წამალმა ცხვრისთვის… ათასი რამე უნდა ცხვარს; ამ ყველაფერმა აიწია, აიწია, აიწია; ხარჯი გაიზარდა. იმ ფასებმა ეს ხარჯი ვერც დაფარა. წლეულს ვერ გეტყვით, ჯერ არც კი გამიყიდია“, – ჰყვება თეიმურაზი.

თეიმურაზ ჯავახიშვილი ჩივის, რომ პანდემიის დროს შემცირდა მოთხოვნაც საექსპორტოდ გასატან თუ ფერმის კარზე გასაყიდ ცხვარზე, მყიდველთა შემცირებამ კი ცხვრის ფასზე კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედა.

„ძალიან ძნელად იყიდებოდა, კლიენტიც ვერ შემოდიოდა და ამ ყველაფერმა ფასი დააგდო. წელს იმედი გვაქვს, რომ იხსნება ვაჭრობა და მყიდველიც გამოჩნდება, თორემ შარშან მყიდველიც არ იყო. ადრე რო იყიდებოდა, ვთქვათ, 300 ლარად ცხვარი, მაშინ ხარჯი ნაკლები იყო, არც ლარი იყო ასე გაუფასურებული“, – ჩივის მეცხვარე.

ფოტო: სოფო აფციაური

ექსპორტის განვითარების ასოციაციის უფროსი მრჩეველი გიორგი გუდაბაძე კი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ მეცხვარეობა, როგორც ეკონომიკის ყველა სექტორი, გასულ წელს დაზარალდა, მაგრამ მთლიანობაში, ზოგიერთ სხვა სექტორთან შედარებით, ამ დარგმა პანდემიას უკეთ გაუძლო და ხელახლა ამუშავების მეტი პოტენციალი შერჩა.

გუდაბაძის თქმით, გარკვეული ხნით შემცირდა ადგილობრივი ბაზარი და რაც შეეხება ექსპორტს, პრობლემები იყო მიმოსვლაში. შეზღუდვებმა ყიდვა-გაყიდვის პროცესი შეანელა, თუმცა, მისივე თქმით, რაც მთავარია, ცხვარზე მოთხოვნა დარჩა.

„ამ სექტორს განსაკუთრებულად არ შეხებია. რა თქმა უნდა, დააზარალა, როგორც ყველა სფერო, მაგრამ მოთხოვნა დიდი რჩება, განსაკუთრებით გალფის ქვეყნებში და გარკვეული შეფერხებების გარდა, ჯერჯერობით, მნიშვნელოვანი პრობლემები ამ სექტორში არ წარმოქმნილა“, – ამბობს „პუბლიკასთან“ გიორგი გუდაბაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ცხვრის ექსპორტი სრული დატვირთვით მალე აღდგება.

რა პოტენციალი აქვს ცხვრის ექსპორტს?

თეიმურაზ ჯავახიშვილის თქმით, მართალია პანდემიის დროს გაუარესებული სოციალური ფონისა და გაზრდილი ხარჯების ფონზე ცხვრის შენახვა წამგებიანი გახდა. თუმცა, ცოცხალი ცხვრის გაყიდვა ისედაც იაფად უწევდათ.

„ცხვარზე ყველაფერს სხვადასხვა ფასი აქვს, მამალს, დედალს, ბატკანს და ბებერ ცხვარს. მამალ ცხვარს სხვა ფასი აქვს, დედალს – სხვა. აი, მაგალითად შარშან მამალი 250 ღირდა, 170 – დედალი, თოხლი. 150-ზე მეტი ბებერი ცხვარი არა ყოფილა. ეგეც თუ იქნებოდა უმაღლესი ხარისხი. ეგ იყო უმაღლესი“, – ამბობს მეცხვარე.

გიორგი გუდაბაძის თქმით, ცხვრის ფასის სიმცირეს ისიც განაპირობებს, რომ მეცხვარეები ექსპორტზე, როგორც წესი, თავად ვერ გადიან.

ცხვარი, საქართველოდან რამდენიმე მსხვილ ფერმერს გაჰყავს. გუდაბაძის თქმით, ისინი ადგილობრივი მცირე ფერმებისგანაც ყიდულობენ ცხვარს და შემდეგ უცხოეთში ყიდიან.

ამის მიზეზი ისაა, რომ ფერმების ნაწილს, განსაკუთრებით მცირე ფერმებს საზღვარგარეთ პარტნიორების მოძიება უჭირს. თანაც, ცხვარი, როგორც წესი, დიდ პარტიებად გაჰყავთ, შესაბამისად, უცხოელ მყიდველებსაც ურჩევნიათ მსხვილი მეწარმეებისგან ერთიანად შეიძინონ.

„რა თქმა უნდა, თუკი პატარა ფერმები კოოპერაციის სახეს მისცემენ, ერთად ეცდებიან მსხვილ პარტიად გაყვანას, ექსპორტი მათთვისაც გამარტივდება“, – ამბობს გუდაბაძე.

ცხვრის ექსპორტზე გაყვანა გარკვეულ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული. გუდაბაძის თქმით, ცხოველური პროდუქტები დაავადებებთან დაკავშირებით მაღალი რისკის შემცველია და ამიტომაც მასზე მკაცრი რეგულაციებია დაწესებული.

„ცხვრის ექსპორტსაც, ზოგადად, თავისი წესი აქვს. საექსპორტო ლოტია, პირობითად, 1000 ცხვარი თუ გამყავს ექსპორტზე, ის კარანტინში უნდა მოთავსდეს, სადაც დაკვირვება ხდება, რამე დაავადება ხომ არ სჭირს ცხვარს და მერე იძლევიან ექსპორტის უფლებას.

კარანტინი თავისთავად პრობლემას არ უქმნის პატარა ფერმებს, მაგრამ თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირებით, მყიდველს ურჩევნია ერთი მსხვილი ექსპორტიორისგან შეიძინოს, ვიდრე ბევრი გააკონტროლოს, ვინ როგორ გაატარა ცხვარი კარანტინში“, – დასძენს გიორგი გუდაბაძე.

ზოგადად, მეცხვარეობაზე და მის საექსპორტო პოტენციალზე საუბრისას, ძირითადად, ცოცხალ ცხვარს მოიაზრებენ. საქსტატის მიხედვით, გასულ წელს, საქართველოში უფრო მეტი სული ცხვარი და თხა ჰყავდათ, ვიდრე მსხვილფეხა საქონელი.

ცხვრის სექტორი კვლავ ასრულებს გარკვეულ როლს საქართველოს სოფლის მეურნეობაში და დამატებით ღირებულებას ქმნის მატყლის წარმოებით, თუმცა, წარმოება მაღალ დანახარჯებთან და სხვა ბარიერებთან არის დაკავშირებული, რაც აფერხებს მათი წილის ზრდას.

საქსტატის მიხედვით, ბოლო 15 წელია, ფაქტობრივად, არ იცვლება მატყლის წარმოება. ის 1700-დან 2300 ტონამდე მერყეობს. თუმცა, ბოლო სამი წელია, მატყლს 2000 ტონისთვის არ მიუღწევია. ამასთანავე, შემცირებულია ზოგადად მეცხოველეობის წილი სოფლის მეურნეობის გამოშვებაში.

ცხვრისა და თხის ხორცპროდუქტების წარმოებას ბოლო წლებში კლების სტატისტიკა აქვს. საქართველოში 2020 წელს 5 000-მდე ტონა ცხვრის ხორცი აწარმოეს, 2019 წელს 6 000 ტონამდე, ხოლო 2018 წელს 9 000 ტონაზე მეტი.

თეიმურაზი „პუბლიკასთან“ ჰყვება, რომ ცოცხალი ცხვრის გაყიდვა ნაკლებად მომგებიანია, მაგრამ არც ცხვრის ხორცსა და არც მატყლს დღესდღეობით საქართველოში ფაქტობრივად არავინ იბარებს. ამიტომ სხვა გზა არ რჩებათ.

„მატყლს ვპარსავ და მატყლის გაპარსვა მიჯდება 4 ლარი და იქვე ვტოვებ, ცეცხლს ვუკიდებთ და ვწვავთ, მარა არც იწვება. მატყლი საერთოდ არ იყიდება, კლიენტი არ არის. თვითონ ვინც პარსავს იმათაც არ უნდათ, ჩვენ სადღა წავიღოთო. ამიტო, ვტოვებთ იქვე“ – ჩივის მეცხვარე.

ფოტო: სოფო აფციაური

მატყლის გადამამუშავებელი მცირე საწარმო აქვს ალვანში დიმიტრი არინდაულს. „თუშეთი“ უკვე 15 წელია მატყლს ამუშავებს და ნართს უშვებს. ამას გარდა მატყლს აწვდიან ხელსაქმის ოსტატებს, რომლებიც გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციულ ნიმუშებს აკეთებენ. მაგრამ საქართველოში მატყლის გადამუშავების მასშტაბი დიდი არაა.

საწარმო ერთადერთია მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს ნედლეულით ამარაგებს. სეზონზე ორმოც ტონამდე მატყლი მუშავდება.

პანდემიამ თავისი კვალი კი ამ საწარმოსაც დაატყო. „ადრე 10-12 ადამიანი მუშაობდა, ახლა 8 ადამიანი მყავს დასაქმებული“, – ჰყვება დიმიტრი არინდაული. „პანდემიამ დაგვაზარალა. პროდუქციას რომ ვქმნით, ნაწილს ადგილზე ვყიდით, ნაწილი მაღაზიებში შეგვაქვს საქართველოს მასშტაბით, სადაც სხვადასხვა რამეს აკეთებენ და ყიდიან.

პანდემიის დროს მაღაზიები დაიკეტა და მატყლის მყიდველიც არ იყო. შეკვეთები გაჩერდა და ვეღარ ვმუშაობდით.

ახლაც ჯერჯერობით გაჩერებულები ვართ. პანდემიამდე წელიწადში 12-ვე თვე ვმუშაობდით. ხელსაქმის ოსტატები, სამკერვალოები მუშაობდნენ და სჭირდებოდათ მატყლი, ჩვენც ვაწვდიდით. ტურისტული სეზონის დროს განსაკუთრებით იყიდებოდა სუვენირები და სხვ. ახლა მხოლოდ ზამთარში ვმუშაობთ, ადგილობრივად ნართის წარმოებაზე“, – ამბობს „პუბლიკასთან“ დიმიტრი არინდაული.

რაც შეეხება, ზოგადად, ქართულ მატყლს და მის შესაძლებლობებს, დიმიტრი არინდაულის თქმით, ქართული მატყლი უხეშია, ამიტომ მასზე დიდი მოთხოვნა არ არის. მისი გამოყენება ფარდაგების დასამზადებლად, ნართისთვის, თექისთვის შეიძლება. ამიტომ, რა თქმა უნდა, შერჩენილია ტრადიციული წარმოება ადგილობრივი ბაზრისთვის და ტურისტული დანიშნულებით, მაგრამ საფეიქრო წარმოებაში ქართულ მატყლს არ იყენებენ.

„უნდა ითქვას ისიც, რომ დღესდღეობით მატყლის პრობლემა მთელ მსოფლიოშია. გასულ წელს სტუმრები გვყავდა საწარმოში საფრანგეთიდან და ეს პრობლემა მათაც ჰქონდათ. საერთოდ მატყლის პრობლემა ყველგანაა, ბევრი ქიმიური მასალა გამოჩნდა და მატყლზე მოთხოვნა შემცირდა. ასე რომ, ეს პრობლემა მარტო ჩვენთან არ აწუხებთ. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი მატყლი ისედაც ნაკლებად მოიხმარება, მისი უხეში ფაქტურის გამო.

თექაზე სამუშაოდ, სხვადასხვა ტრადიციული სუვენირებისთვის მაინც მოიხმარენ და მოთხოვნა, გარკვეულწილად, მაინც არის, უფრო ტურიზმთან კავშირში. თუ ტურიზმი მეტად განვითარდება, მატყლისგან დამზადებულ ნივთებზე, ჩასაცმელზე მოთხოვნაც გაიზრდება“, – ამბობს დიმიტრი არინდაული.

მატყლის საწარმო, რომელსაც არინდაული ფლობს, ბიზნესთან ერთად ტრადიციული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების შენარჩუნებასაც უწყობს ხელს. მისმა ოჯახმა საწარმო ნელ-ნელა გააფართოვა, დღეს მატყლის რეცხვის სისტემაც აქვთ, რომელშიც მისი თქმით, მიღებული გრანტი დაეხმარათ.

არინდაული ჰყვება, რომ მათ სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღიათ, პანდემიის პერიოდსაც დამოუკიდებლად გაუძლეს და ცდილობენ საწარმოს მუშაობა არ შეფერხდეს.

თუმცა, დიტო არინდაული ამბობს, რომ ინფრასტრუქტურულ საკითხებში მუნიციპალური ან ცენტრალური ხელისუფლების მეტ ჩართულობას ისურვებდა.

„მაგალითად, ახლა გაჩერებულები ვართ, მოთხოვნა კია ახლა, მაგრამ მატყლი არ გვაქვს, რადგან ტრანსპორტირების პრობლემაა.

მთაში არის მატყლი, მაგრამ 1500-2000 ლარი უნდა მანქანას, რომ ავიდე და ჩამოვიტანო. მერე უკვე შემოსავალი ხარჯებს ვეღარ გადაფარავს. იძულებულები ვართ, დაველოდოთ, თავად მწყემსები როდის ჩამოიტანენ.

თანაც, როცა ისინი ბრუნდებიან, უკვე შემოდგომაა. ოქტომბერში კი ამინდები ირევა და შემდეგ მატყლის რეცხვა და გაშრობაც პრობლემურია. ამიტომ, ვისურვებდი, რომ ლოგისტიკაში, ინფრასტრუქტურისმოწყობაში გარკვეული დახმარება გვქონდეს.

მით უმეტეს, პანდემიის პერიოდიც ისე გადავიარეთ, რომ ჩვენ სახელმწიფო არ დაგვხმარებია, მაგრამ მაინც მოვახერხეთ, რომ საწარმო შეგვენარჩუნებინა. ჩვენი ძალებით რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ. სხვა რა გზა გვაქვს“, – ამბობს დიმიტრი არინდაული.

ფოტო: „სახელოსნოების ფესტივალი“

მატყლის გარდა, ვერ ვითარდება ხორცპროდუქტების წარმოებაც, რომელში არსებულ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას გიორგი გუდაბაძე. მისი თქმით, დღეს გადამუშავების პერსპექტივა არ არის საქართველოში იმდენად დიდი, რომ ცხვრის ხორცი გადამუშავდეს და ხორცპროდუქტების სახით გავიდეს.

„ფიზიკურად არ არის გადამამუშავებელი საწარმოები მაგისთვის. რომლებიც არის, ისინი ცხვრის ხორცს ნაკლებად გადაამუშავებენ, ნაკლებად სჭირდებათ. მაგალითად, ნიკორა და სხვა კომპანიები, რომლებიც ძეხვეულს და ა.შ. აკეთებენ, ცხვარს ნაკლებად მოიხმარენ.

შესაბამისად, უნდა იყოს საწარმო, რომელიც გადაამუშავებს და 100 თუ არა 90%-ით ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. ასეთი საწარმო ჯერჯერობით არ გვაქვს“, – ამბობს გუდაბაძე.

თუმცა, საწარმოების არსებობის შემთხვევაშიც, გიორგი გუდაბაძის თქმით, რძისა და ხორცპროდუქტების ექსპორტი მარტივი არ იქნება.

ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, ევროკავშირის ბაზარი სხვადასხვა სახის პროდუქტისთვის ეტაპობრივად იხსნება და ჯერჯერობით რძის პროდუქტებს არ იღებს.

„ზოგადად, ცხოველური პროდუქცია – ცოცხალი ცხოველი იქნება, ხორცპროდუქტები თუ რძის პროდუქტები, მათ, მაგალითად, ევროკავშირში ვერ გავიტანთ. ჯერჯერობით არ გვაქვს მაგისი ლიცენზია და უფლება.

ეს ეტაპობრივად მოგვეცემა, რამდენიმე წლის ამბავია, რომ მოგვცენ ცხოველების, ხორცპროდუქტებისა და რძის პროდუქტების ექსპორტის უფლება. მაგრამ შესაბამისი საკითხები უნდა მოგვარდეს. რაც გულისხმობს ვეტერინარიის, სურსათის უვნებლობის კუთხით კანონმდებლობის დახვეწას, წარმოების გაუმჯობესებას და ა.შ.

გარდა ამისა, ევროკავშირს აქვს ასეთი მიდგომაც, რომ ინდივიდუალურად მისცეს საწარმოს ექსპორტის უფლება. ჩამოდის კომისია, რომელიც ინსპექტირებას ახდენს ადგილზე, აფასებს და აძლევს უფლებას.

ამისი ერთი პრეცენდენტი გვაქვს, თუმცა ეს ეხება ცხოველების საკლავ საწარმოს, „ჯორჯიან პროდაქტსია“ ასეთი კომპანია, რომელმაც მოიწვია კომისია და ახლა გააქვს პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზეც“, – ამბობს გუდაბაძე.

გუდაბაძის თქმით, საქართველოში ცხვრის ხორცპროდუქტებს მასობრივად არ მოიხმარენ. ფერმების უმეტესობას კი, სავარაუდოდ, არ უღირს დროისა და რესურსების დახარჯვა, რომ ექსკლუზიურად მოიწვიოს ინსპექტორები ევროკავშირიდან და იზრუნოს ექსპორტის უფლების მოპოვებაზე. შესაბამისად, ხორცპროდუქტების წარმოებაც მცირეა.

კანონმდებლობა და საძოვრები – მეცხვარეობის მთავარი პრობლემა

მატყლის, რძისა და ხორცპროდუქტების წარმოებისა თუ ექსპორტის გარდა, მეცხვარეები უშუალოდ ცოცხალი ცხვრის შენახვასა და მოვლის დროსაც აწყდებიან პრობლემებს. როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე ყოველდღიურ ყოფაში.

მაგალითად, ჭაჭუნის აღკვეთილში, ზამთარში რამდენიმე ათეული ათასი ცხვარი იყრის თავს. ორგანიზაცია „საბუკო“ იქ 2019 წლიდან ატარებს კვლევებს, რომლებმაც აჩვენა, რომ ნიადაგი გამოიფიტა და ეროზიული პროცესები მიმდინარეობს.

ეს ერთი მხრივ აზიანებს გარემოს, მეორე მხრივ კი თავად ცხვრების მოვლაც ძვირდება. როცა ცხოველებს ბუნებრივი მწვანე საფარი აღარ ჰყოფნით, მეცხვარეებს საკვების დამატებით შესყიდვა უწევთ.

ფოტო: სოფო აფციაური

„საბუკოს“ რესურსების მენეჯერი მარინუს გებჰარდტი იქ უკვე დიდი ხანია მუშაობს. ამბობს, რომ თავად საველე პრობლემების გადაჭრაზეა ორიენტირებული. მათ შორისაა, ეროზიისგან ნიადაგის დასაცავად როტაციული ძოვების შემოღება, რომლის დანერგვაც „საბუკომ“ ჭაჭუნის აღკვეთილში დაიწყო.

როტაციული ძოვება საძოვრის გარკვეული დროით დასვენებას და მონაცვლეობით ძოვებას გულისხმობა, რათა ნიადაგმა შეძლოს, ბუნებრივი პროცესების აღდგენა და განახლება.

საფარის აღდგენის პერიოდები და ზრდის ტემპები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა: სეზონი, კლიმატი, მცენარეული საფარი, პირუტყვის კვების რაციონი და ჰექტარზე მაქსიმალური სულადობის ლიმიტი. მიწის მფლობელებმა და მწყემსებმა უნდა დააბალანსონ ძოვებისა და აღდგენის პერიოდები, რაშიც მათ „საბუკო“ ეხმარება.

„კანონმდებლობის დახვეწა მნიშნველოვანია, თუმცა საველე ყოფის გაუმჯობესებაზე ზრუნვაც საჭიროა. რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ, როტაციული საძოვრების მოწყობა მეცხვარეებისთვის და ა.შ, კერძო მიწის მართვა არა მთავრობის, არამედ მეპატრონის საქმეა და ვცდილობთ მათ დავეხმაროთ, გააუმჯობესონ ცხვრის ძოვების სისტემა“, – ამბობს მკვლევარი.

მარინუს გებჰარდტი განმარტავს, რომ მეცხვარეები გარკვეულწილად როტაციულ ძოვებას აქამდეც იყენებდნენ. ამიტომ ეს პრინციპულად ახალი რამ მათთვის არ ყოფილა. თუმცა, „საბუკო“ როტაციული ძოვების სისტემას სხვანაირად ქმნის, ისე, რომ მწვანე საფარმა აღდგენა მოასწროს.

„ჩვენი როტაციული ძოვება მიმართულია იმაზე, რომ არა მხოლოდ რამდენიმე დღით შეცვალონ საძოვრები, არამედ კონკრეტულად ისეთი ხანგრძლივობით, რომელიც მწვანე საფარს აღდგენის საშუალებას მისცემს. ამასთან, ჩვენ როტაციული ძოვების სქემა ვეცადეთ, რომ მათ სისტემაზე მოგვერგო. ის არაა თვისობრივად ახალი და სხვა.

ჩვენი გამოწვევაც ეს იყო, დავკვირვებოდით, შეგვესწავლა როგორ მუშაობდნენ თავად მეცხვარეები, როგორი იყო მათი ყოველდღიურობა და შემდგომ დავხმარებოდით.

მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა კარგი იყო, რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ მათთან და მეტს ვსაუბრობთ, ისინიც უფრო და უფრო უკეთესად მართავენ საძოვრებს“, – ამბობს მარინუს გებჰარდტი.

თუმცა, მკვლევარი დასძენს, რომ საქართველოში რთული რელიეფის გამო, როტაციული ძოვების დანერგვა კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ჰყვება, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში გაშლილი სივრცეები ნაკლებადაა. შესაბამისად, სხვა ევროპული მეურნეობებისგან განსხვავებით, როტაციული სისტემაც ამ რთულ გარემოზე უნდა იყოს მორგებული.

მეცხვარეებთან ერთად რამდენიმე დღით მინდორში ყოფნა და მათთან საუბარი ჩემთვის ნამდვილად კარგი გამოცდილება იყო. ასე შესაძლებელია იმის ნახვაც, თუ სად შეიძლება როტაციული სქემის გამოყენება და სად არა, რადგან რთული რელიეფია.

თუმცა, მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა, რის გამოც მეცხვარეებს საძოვრების პრობლემა უდგებათ, საძოვრების იჯარით გაცემის წესებში არსებული ნაკლოვანებებია.

„კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამო საძოვრების იჯარაში ცხვრის ფერმების მფლობელებსა და მეცხვარეებს უფრო მეტის გადახდა უწევთ, ამიტომ, მეტ ცხვარსაც აძოვებენ, რომ მოგება ნახონ“, – ამბობს „პუბლიკასთან“ მკვლევარი.

ამ პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი კი ისაა, რომ მწყემსები თუ ცხვრების ფერმების მეპატრონეები მიწას იჯარით სახელმწიფოსგან ყოველთვის ვერ იღებენ. კანონმდებლობით მიწის იჯარით გაცემაზე უპირატესობა იმავე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირს ენიჭება.

მაშინ, როცა ამა თუ იმ საძოვარს წლების განმავლობაში შეიძლება სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეცხვარე იყენებდეს. ამ მეცხვარეებს კი შემდეგ სახელმწიფოს მიერ სხვა პირზე იჯარით გაცემული მიწის ქირაობა უწევთ, რაც მიწის ფასს და შესაბამისად მეცხვარეების ხარჯებს ზრდის.

ფოტო: სოფო აფციაური

ასეთი გარემოება შეიქმნა თეიმურაზ ჯავახიშვილთანაც. დაცული ტერიტორიების იურისდიქციაში მოქცეული მიწა, რომელსაც ის თავის ვაჟიშვილთან ერთად იყენებდა საძოვრად, მოულოდნელად სხვას გადასცეს.

უპირატესობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებულ პირს მიენიჭა იმ მიზეზით, რომ საძოვარიც დედოფლისწყაროშია, თეიმურაზი კი სხვა მუნიციპალიტეტში – საგარეჯოშია ჩაწერილი.

არადა, როგორც თეიმურაზი „პუბლიკასთან“ ჰყვება, პირს, რომელსაც საძოვარი მისცეს, ამ მიწასთან შეხება საერთოდ არ ჰქონია. მისი მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ მუნიციპალიტეტის ამ უპირატესობით ესარგებლა და იჯარით დარეგისტრირებული მიწა შემდეგ ძვირად გაექირავებინა. თეიმურაზ ჯავახიშვილს კი იმის გამო, რომ საძოვრები შეუმცირდა და ვეღარ აძოვებდა, ცხვრის ნაწილის გაყიდვა მოუწია.

„რა უნდა მექნა, ავდექი და შევამცირე ცხვარი. დავსხი ტრაილერებში შუა ზამთარში, წამოვიყვანე და ფაქტობრივად, მუქთად გავყიდე. ორი ტრაილერი, 500 სული ცხვარი წამოვიყვანე და გავყიდე, რადგან ტერიტორია არა მყოფნიდა“, – ჩივის თეიმურაზი.

რა პერსპექტივა აქვს მეცხვარეობას საქართველოში?

თეიმურაზ ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ მეცხვარეობის ბიზნესი მხოლოდ ცოცხალი ცხვრის გაყიდვით ვერ განვითარდება. ცხვარს მრავალმხრივისარგებელი მოაქვს, მაგრამ საქართველოში მის პოტენციალს არ იყენებენო, ამბობს. არ იზრდება რძის პროდუქტების წარმოება, არც მატყლს იბარებს არავინ. ხორცპროდუქტების წარმოებაც კი არაა განვითარებული. ცოცხალი ცხვრის გაყიდვას კი არც ისე დიდი მოგება მოაქვს.

თეიმურაზს იმედი მაინც აქვს, რომ შესაძლოა ეს მიმართულებები ადრე თუ გვიან განვითარდეს. მაგრამ მომავალს არც ისე ოპტიმისტურად უყურებს, განსაკუთრებით ახლა, როცა პანდემიამ მასაც, როგორც მოსახლეობის უმეტესობას თავისი დაღი დაასვა.

„რა მოლოდინი უნდა მქონდეს არ ვიცი, აღარაფერი ვიცი. ბოილერი არ მუშაობს საქართველოში, მატყლის ფაბრიკა აქ არაა და მარტო ცხვარი გვყავს, რა. საქართველოში ცხვარი გვყავს, მაგრამ არაფერი აქ არ მუშობს.

რაღაც რომ გაიხსნას, მატყლის ფაბრიკა ან ბოილერი და იღებდეს ცხვარსა, მაშინ გვექნება რამე მოლოდინი. აბა ახლა, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, არ ვიცი“, – ამბობს თეიმურაზი.

ფოტო: სოფო აფციაური

მეცხვარეობის ბიზნესში არსებული პრობლემების მიუხედავად ამ დარგის პერსპექტივას ოპტიმისტურად უყურებს გიორგი გუდაბაძე. გუდაბაძის თქმით, მეცხვარეობა წლიდან წლამდე თუ არ იზრდება, არც შემცირებულა.

საქართველოში ასობით ათასი სული ცხვარია და ექსპორტიც არ იკლებს. გალფის ქვეყნებში მოთხოვნა ყოველთვის არის, ხოლო თუ ევროკავშირის ბაზარიც გაიხსნება, ეს ექსპორტის დივერსიფიცირებას და კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„მე პირადად, მიმაჩნია, რომ გალფის რეგიონი ცხვრის ექსპორტისთვის უფრო საინტერესოა. თუმცა, როგორც კი გვექნება ევროკავშირის ბაზარზე შესვლის საშუალება, მისი ათვისებაც უნდა დავიწყოთ. მთავარია, მზად დახვდნენ ამ უფლების მონიჭებას ჩვენი ექსპორტიორები. რადგან, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა დიდი იყოს ექსპორტი გალფის ბაზარზე, ბაზრის დივერსიფიკაციას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება უშუალოდ გალფის ბაზარს, იქ ცხვარზე მოთხოვნა და მოხმარება ძალიან დიდია. ამიტომ არ არის საფუძველი იმისთვის, რომ კლება იყოს ექსპორტზე. მთავარია ჩვენ შეუფერხებლად მიწოდება შევძლოთ“, – ამბობს გიორგი გუდაბაძე.


სტატია მომზადდა მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტის ფარგლებში, რომელიც Cambridge Conservation Initiative-ის მხარდაჭერით, ლანდშაფტის აღდგენის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ლისბეტ რაუსინგისა და პიტერ ბოლდვინის საქველმოქმედო ფონდი არკადიას დახმარებით ხორციელდება საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის, საბუკოს მიერ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და Birdlife International-ის თანამშრომლობით.