საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ვაქცინაციის ეფექტიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებას საქართველოს მაგალითზე სტატისტიკური მონაცემები გააცნო. მისი თქმით, კვლევა მოიცავდა 15 მარტიდან (ვაქცინაციის დაწყება) – 30 სექტემბრის პერიოდს. მის მიერ წარმოდგენილი მონაცემები მოიცავს ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ პირებში ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებს.
„სრულად ვაქცინირებულ პირებში ვაქცინით განპირობებული ინფიცირებისგან დაცვის ეფექტიანობა არის 90%. ამ პერიოდში სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი ჩვენი კვლევით არის 9.87-ით ნაკლები არავაქცინირებულ პირებთან შედარებით.
30 სექტემბრის მდგომარეობით, სრულად ვაქცინირებული იყო 814 851 პირი და აქედან იდენტიფიცირებული იქნა 11 403 პირი, ვისაც კოვიდი ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა
საანგარიშო პერიოდში სულ ქვეყანაში ჰოსპიტალიზებული იყო 53 767 ადამიანი, ჰოსპიტალიზაცია ვაქცინის შემდეგ დასჭირდა 1 386 პირს. ვაქცინაციის ეფექტიანობა ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მხრივ არის 93.4%.
60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა არის 91.7%, ხოლო 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 95%.
ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროება
60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულებში ინტენსიური მკურნალობის საჭიროება 97.5% ნაკლებ შემთხვევაში დგება არავაქცინირებულებთან შედარებით, ხოლო 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაცვა ინტენსიურში მოხვედრისგან არის 99%.
ინტენსიურში სულ მოხვდა 2-ჯერ ვაქცინირებული 72 პირი.
ლეტალობისგან დაცვა
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში კოვიდისგან გარდაიცვალა 5 469 ადამიანი. არავაქცინირებული იყო 98.95% ანუ 1.05% იყო ვაქცინირებული.
18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაციით განპირობებული სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99.37%, ხოლო 60 წლის და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში დაცვა სიკვდილიანობისგან გახლავთ 97.8%.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, ეს არის საერთო მონაცემები ოთხივე ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში ადმინისტრირდებოდა. მისივე თქმით, NCDC-ის ასევე აქვს ჩაშლილი მონაცემები ვაქცინების მიხედვით, რომელიც წლის ბოლოს გამოქვეყნდება.