EMC ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს 3 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 2 ქალი და 4 არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
„ბაღდათში მომხდარი ტრაგედია ყველაზე ცხადად აჩვენებს სიღარიბის დამანგრეველ შედეგებს, რომელსაც არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა აწარმოებს.
სოციალური დაცვის არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს სოციალურ სიდუხჭირეში მყოფი ადამიანების რეალურ გაძლიერებას და მათ მხარდაჭერას, დაძლიონ სიღარიბე და სოციალური მოწყვლადობა. არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ სოციალური უზრუნველყოფის საბიუჯეტო წილის ყოველწიური ზრდის მიუხედავად[2], მოსახლეობის ფარდობითი სიღარიბე თითქმის უცვლელი რჩება[3]. ამასთან, UNICEF-ის კვლევის თანახმად, ბავშვიან შინამეურნეობებში სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია[4]. “ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, სოციალური დაცვის სისტემაში რესურსების სიმწირესთან ერთად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ხარვეზიანობა, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული მეთოდოლოგიით ვერ ხერხდება სოციალურად მოწყვლადი შინამეურნეობების ეფექტიანი გამოვლენა.
EMC მომხდარზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს და მთლიანად საზოგადოებას აკისრებს, რამდენადაც ქვეყანაში არსებული უმწვავესი პრობლემების დაუნახაობას, სახელმწიფოს უმოქმედობასა და საზოგადოების გულგრილობას ლეტალურ შედეგამდე მივყავართ.