ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო ოპოზიციამ პარლამენტთან დღეს დაგეგმილი აქცია გადადო

პუბლიკა

„ამ მძიმე ტრაგედიის ფონზე ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა, ისევე როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა, გუშინ, ღამით კონსულტაციით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  დღეს აქცია-პიკეტი, „სირცხვილის კორიდორი“ არ გაგვემართა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ასეთი ენით აღუწერელი ტრაგედიის ფონზე ჩვენ ყველას გვჭირდება დაფიქრება, მობილიზება და გლოვა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მან ასევე მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, რომ დღეს ჩანიშნული პლენარული სხდომა გადაიდოს.

„ასევე, მინდა, ყოველგვარი ნიშნისმოგების გარეშე, გულწრფელად მოვუწოდო პარლამენტს, დღეს გადადოს პარლამენტის სხდომა“, – განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება მომდევნო დღეების გეგმებს, მისი თქმით, როგორც კი ჩაინიშნება პლენარული სესიის მომდევნო სხდომა, ოპოზიცია აქციებს განაახლებს.

„რაც შეეხება მომდევნო გემებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმის მიხედვით, როდესაც პარლამენტის სხდომა გაიმართება, წესით, ხვალ უნდა იყოს მომდევნო სესია, ხვალ 10 საათზე, ჩვეულებისამებრ, კვლავ შევიკრიბებით და გავაპროტესტებთ იმ უმსგავსობას და მოვითხოვთ პროპორციულ, სამართლიან არჩევნებს“, – განაცხადა უგულავამ.


ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, იწვოდა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გავრცელებული იყო, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე.

ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო 1 ქალი და 4 არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე იპოვეს კიდევ ერთი – ხანშიშესული ქალის ცხედარი.