კულტურის სამინისტროს ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პუბლიკა

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მცირე დარბაზში კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსის „წლის საუკეთესო“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. უწყების ცნობით, ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, საკანონმდებლო ხელისუფლების და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

1. „წლის საუკეთესო რომანი“ გამარჯვებული – გელა ჩქვანავა, „კადრილი“;

2. „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“ გამარჯვებული – ნიკოლოზ ჯორჯანელი, „ნეტფლიქსი“;

3. „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“ გამარჯვებული – ნინო ქადაგიძე, „მინიატურები“;

4. „წლის საუკეთესო პიესა“ გამარჯვებული – ელენე მაცხონაშვილი, „ყვავი რო მოვა“.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ, გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის რეჟისორი იყო მანანა ბერიკაშვილი. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ჯგუფმა „ქვინთესენსი“, უძღვებოდნენ ვასო აბაშიძის ახალი თეატრის მსახიობები – არჩილ სოლოღაშვილი, ბუბა გოგორიშვილი, ტატო ჩახუნაშვილი, ნინო მითაიშვილი.

უწყების ცნობით, კონკურსის ფარგლებში სამინისტროში 82 განაცხადი შევიდა. მათგან, 79 საკონკურსო განაცხადი წარმოდგენილი იყო ავტორების, ხოლო 3 – გამომცემლობების მიერ. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენდა 5000 ლარს.