პარტია „მოქალაქეებმა“ გუშინ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, თუმცა დღეს ცალკე განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც ხაზგასმულია რუსეთის როლი უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციაში.
„მოსალოდნელი საფრთხის წინაშე მყოფ უკრაინას ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას და იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გამოიყენებს ყველა დიპლომატიურ რესურსს, რომ არ დაუშვას ომი და ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
რუსეთის ფედერაციას დღეს ოკუპირებული აქვს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ტერიტორიები, გამუდმებით არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მცოცავი ოკუპაციით. ამჯერად უკრაინის საზღვრებთან სამხედროების მობილიზებით, ღიად ემუქრება დამოუკიდებელ სახელმწიფოს მოსალოდნელი სამხედრო ესკალაციით“, – ნათქვამია განცხადებაში.
1 თებერვალს „მოქალაქეებმა“ მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ მიერ შედგენილ რეზოლუციას.
იმის მიუხედავად, რომ პარტია განხილვის დროს ტექსტში რუსეთის ჩამატებას მოითხოვდა, უკრაინის სუვერენიტეტის ხაზგასმა მაინც მნიშვნელოვნად მიიჩნია.
„რა თქმა უნდა, საწყალი ტექსტი იყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, იქ ყოფილიყო ადრესატი, ვინც არის საფრთხე – რუსეთის ფედერაცია უნდა ყოფილიყო აუცილებლად ჩაწერილი და გაცილებით სწორი იქნებოდა, გაცილებით ღირსეულად წარმოვჩნდებოდით და გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ყველას დაგვეჭირა მხარი, თუნდაც, იმ რეზოლუციისთვის. შენიშვნა შენიშვნაა, კრიტიკა კრიტიკაა, მაგრამ ეს იყო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, ამიტომ, რაც შეგვეძლო, ვთქვით, კრიტიკული აზრიც გამოვთქვით, მოვითხოვეთ კიდეც – ნუ ვიჩქარებთ, გადავდოთ-თქო, მაგრამ იქ არის უკრაინაზე ლაპარაკი და ჩვენ ცუდს და უარესს შორის გვქონდა არჩევანი. უკეთესი იქნებოდა, წესიერი ტექსტი ყოფილიყო ყველა შევთანხმებულიყავით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.