უკრაინამ ომის ჰაერი ჩაისუნთქა, მალე უნდა ველოდოთ გარდატეხას - ინტერვიუ გენერალ ზაზა გოგავასთან

ზურა ვარდიაშვილი
რუსეთის ომზე უკრაინაში, ჩვენს კითხვებს პასუხობს გენერალი ზაზა გოგავა.
ზაზა გოგავა 2006 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი. ამ თანამდებობას იკავებდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს

 

აღგვიწერეთ საომარი მოქმედებების თეატრი. 

მე, ცხადია, სადაზვერვო მონაცემებს არ ვფლობ. ვეყრდნობი ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება მედიაში, სოციალური ქსელებში… ამას დავუმატოთ უკრაინის ოფიციალური უწყებების გახმოვანებული მონაცემები. (საერთოდ, სჯობს მეგობარს დავუჯეროთ, ვიდრე ოკუპანტს. ჩათვალეთ,  მათი მხრიდან გავრცელებული ყველანაირი ცნობა 100% დეზინფორმაცია იქნება). 

ამ წუთებში რაც შეგვიძლია ვთქვათ – უკრაინის გარშემო თავმოყრილია რუსული ჯარები  ჩრდილოეთით ბელარუსის მხრიდან, მის გაგრძელებაზე რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, სამხრეთ-აღმოსავლეთით  მარიუპოლის მიმართულება და სამხრეთით – ოდესა. 

ვერ ვიტყვით, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს წინსვლა აქვთ.

ის კრიტიკული სამი დღე გადის და ახლა უკვე უნდა ველოდოთ გარდატეხას თავდაცვაში მყოფი უკრაინული ძალების სასარგებლოდ.

რას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ უკრაინამ უნდა გაუძლოს პირველ ორ-სამ კრიტიკულ დღეს. რა მოხდება შემდეგ?

ეს ის დროა, როდესაც მორალური დარტყმა უნდა გადაიტანო. ჯერ რასაც ვხედავთ, თავდაპირველმა შეტევამ არანაირი ეფექტი არ მოახდინა. სტრატეგიული ინფრასტრუქტურა განადგურებული არ არის. რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ განახორციელეს შეტევები და დააზიანეს 83 ობიექტი. როდესაც სამხედრო ამბობს, რომ დააზიანა ობიექტი, ეს იმას ნიშნავს, რომ მან არ იცის, რა ეფექტი მოიტანა ჭურვმა. მაშინ მათ უნდა ეთქვათ, რომ გაანადგურეს ობიექტები. 

სხვათა შორის, რუსეთი ვერ დომინირებს ჰაერში. უკრაინა არის ქვეყანა, რომელსაც ძალიან კარგი სამხედრო-საინჟინრო პოტენციალი აქვს. ისინი აწარმოებენ ძალიან კარგი ხარისხის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს, ბუკებს. როგორც ვხედავთ, ძალიან ბევრი გაფრენაც არ ყოფილა და უკვე 10 საფრენი აპარატის განადგურდა. ამას დავუმატოთ დღეს ჩამოგდებული ორი il 76 მძიმე სადესანტო თვითმფრინავი და რამდენიმე ვერტმფრენი.

ჩამოყრილი ვერტმფრენების რაოდენობა უფრო მეტი იქნება. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინას მიაწოდეს გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, სტინგერები. ეს არის მომაკვდინებელი ეფექტის იარაღი ვერტმფრენების გასანადგურებლად. თუ თვალს გადაავლებთ ისტორიას, სტინგერებმა შეცვალა საბრძოლო თეატრი ავღანეთში. 

ეს სამი დღე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკრაინა თავის შესაძლებლობებში დარწმუნდეს. ამ წუთში ფსიქოლოგიური მომენტი უკვე მათ მხარესაა, მათ უკვე რამდენიმე შეტევა მოიგერიეს. 

უკვე წითელ ჯვარს მოუწოდებენ, რომ ოკუპანტების ცხედრები გაიტანონ. როგორც კი ათასობით „ტვირთი 200” ჩავა რუსეთში, (სამხედრო ტერმინი, რაც აღნიშნავს დაღუპულ მეომრებს), ესეც შიგნიდან დაარტყამთ კატასტროფულად. დღეს რა მსხვერპლზეცაა საუბარი – 3 დღეში 3000 კაცამდე – ძალიან ბევრია. ჩეჩნეთის ომში, რომელიც წლები გრძელდებოდა, ოფიციალურად დაკარგული ჰყავთ 6000, შეიძლება ცოტა მეტი მეომარი, აქ ამის ნახევარი ორ დღეში დაკარგეს. 

დღევანდელი დღეც კრიტიკული იქნება. არ შეგეშინდეთ იმის თქმა, რომ თეორიულად, შეიძლება კიევი დაეცეს, მაგრამ ეს არ იქნება ბრძოლის დასასრული. მთავარია, ქვეყნის გარეთ არ გახდეს მთავრობა წასასვლელი, თორემ რომელიმე ქალაქში გადასვლა, მაგალითად, ლვოვში,  არ იქნება დიდი ტრაგედია. 

ახლა თვალს ვადევნებთ ჩემთვის, როგორც სამხედრო საქმის არმცოდნისთვის  უცნაურ სურათს: რუსები უარს ამბობენ ფრონტალურ შეტევებზე, გვერდს უვლიან გამაგრებულ ქალაქებს და მიდიან პირდაპირ კიევისკენ. რა ტაქტიკა შეიძლება ეწოდოს ამას სამხედრო თვალსაზრისით? 

თანამედროვე, 21-ე საუკუნის საომარი დოქტრინა გულისხმობს ასიმეტრიულ ომებს. ეს არ არის  ის კლასიკური ფრონტალური ხაზები, რომლებზეც ახლა თქვენ საუბრობდით. 

რუსული არმია ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც ამ დოქტრინაზე ბოლომდე გადაწყობილი არ არის. მას თუ სივრცეები არ მიეცემა, წარმატებულ ოპერაციებს ვერ ახორციელებს. 

დღეს ველზე აღარავინ იბრძვის. დღეს წარმატებულად ითვლება ის, ვისაც დასახლებული პუნქტი უჭირავს. ამას ჰქვია ტოტალური თავდაცვის ტაქტიკა. დიდი ქალაქები ციხესიმაგრეებადაა ქცეული და ის ნამდვილ სასაკლაოებად გადაიქცევა – ეს იქნება რუსული არმიის კოშმარი. 

რუსული ძალები იმიტომ მიიჩქარიან კიევისკენ, რომ მისი აღებით ფსიქოლოგიური და მორალური უპირატესობა მოიპოვონ. კიევში განთავსებულია სამთავრობო კვარტალი, ქვეყნის სამართავი პუნქტები. რუსების მიზანიც ესაა, რომ კიევამდე მიაღწიონ. მიმდინარე დივერსიებით განსაზღვრონ სამართავი წერტილები, ხელში აიღონ, და მერე მარიონეტული მთავრობა დაასახელონ. 

მე მჯერა, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს მაშინაც, თუ რუსები კიევს აიღებენ. სათადარიგო რაიონები ნამდვილად ექნება გათვლილი უკრაინას. კიევში ყოფნა სიმბოლურ ხასიათს უფრო ატარებს, ვიდრე სტრატეგიულს. ამიტომ რჩება ზელენსკი და მისი მთავრობა დედაქალაქში.  

რა უპირატესობები და რა სისუსტეები აქვს რუსულ არმიას უკრაინის მიწაზე? 

დავიწყოთ სტრატეგიული რაკეტებით. ვნახეთ ნახევრად ტაქტიკური, ტაქტიკურ-ოპერატიული რაკეტების თავდასხმები.

მე პირველივე დღეს ვამბობდი, რომ სარაკეტო დარტყმები არაეფექტურია, თუ ისინი არ არის მიმართული კრიტიკული ინფრასტრუქტურისკენ – სამხედრო საწყობებზე, სარეზერვო საწყობებზე, კრიტიკულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე. 

ამაზე თუ არ არის მიტანილი იერიშები, სარაკეტო დარტყმებს არავითარი უპირატესობა არ მოაქვს პირველი დღის შემდეგ.

უკრაინელების უპირატესობაა, რომ ისინი საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან. კარგად იცნობენ ინფრასტრუქტურას. ასევე, რაც შეიძლება დიდ პლუსად დავუწეროთ არის ის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ უკრაინული შეიარაღებული ძალების ჩანაფიქრს და ეს ძალიან კარგია. ამას ვერ ხედავს ვერც მტერი. და როცა არ იცი, რა დაგხვდება წინ, ძალიან ბევრი დანაკარგი შეიძლება გქონდეს. 

ვხედავთ, რომ მზადდება შეტევა კიევზე. ეს როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ? სამოქალაქო პირებისთვის გასაგებად რომ აგვიხსნათ, რა მოხდება? ტანკებით შეიჭრება არმია? ბლოკადაში მოაქცევს ქალაქს? თუ, რა?

ტანკებს ქალაქებში საერთოდ არაფერი ესაქმებათ, რამდენი ტანკიც შევა ქალაქში იმდენი ჯართი დარჩება იქვე. ეს ასე იყო ჩეჩნეთში, ასე იყო საქართველოში, და ამის შემდეგ გადაეწყვნენ რუსები უფრო სწრაფ შეჯავშნილ ტექნიკაზე, „ტიგრებზე”. ამით ბრძოლა მეტ-ნაკლებად ეფექტური შეიძლება იყოს ქალაქის ქუჩებში, მაგრამ ისეთი სახის ბლოკადა, რომ რაიმეს მიწოდება გაჭირდეს ან ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა აიღონ – გამორიცხულია.

კიევი გაშენებულია ფერდობებზე. მდინარის ორივე მიმართულებით. საკმაოდ დიდი ზღუდეა დნეპრიც, რომელზეც ძალიან ბევრი ხიდი არ არის და თუ ჩაკეტავ პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადასვლა. 

ჩემი სფერო, სამხედრო განათლებისა და განვითარების მხრივ, არის დასახლებულ პუნქტებში ომები – ახალი დოქტრინა. დასახლებულ პუნქტში ბრძოლა არის ყველაზე საშინელი რამ, რაც ბრძოლების ისტორიაში მოუგონიათ. სრულიად გამოუცნობი სცენარია. გამაგრებულ ქალაქზე თავდასხმა არის კატასტროფა. ეს იქნება სასაკლაო, ეს იქნება კოშმარი, რასაც არ ელის რუსეთის შეიარაღებული ძალები. 

სწორედ მოსალოდნელი ურბანული შეტაკებების კონტექსტში განიხილავენ კადიროვის მებრძოლებს. რას წარმოადგენენ ისინი, და რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ საბრძოლო მოქმედებებზე? 

კადიროვის ამჟამინდელი მებრძოლები, ასაკის გათვალისწინებით რომ ვიმსჯელოთ, არ არიან ის ადამიანები, რომლებსაც ჩეჩნეთის პირველი ომის გამოცდილება აქვთ. ყველამ კარგად ვიცით, ამ ომის პირობები და ძალიან კარგი გამოცდილება დააგროვეს იქ მებრძოლებმა ქალაქის ბრძოლებში, თუმცა ეს ის თაობა არ არის.

ეს უფრო მორალური ეფექტის შემქმნელია, რომ აი, ყოვლისშემძლე კადიროველები მოდიან. სავარაუდოა, რომ მათ ძირითადად კიევის მიმართულებაზე გამოიყენებენ. იმ რუს ტყვეებს, რომელსაც ვხედავთ, ასე ვთქვათ, ცხვირმოუხოცავ ბიჭებს, იმათთან შედარებით ეფექტური არიან, მაგრამ ეს უკვე გავლენას ვეღარ მოახდენს, რადგან კიევმა, ხარკოვმა, მარიუპოლმა, ხერსონმა, პირველი გამოცდილებები მიიღეს. ბრძოლის სუნი იგრძნეს, ომის ჰაერი ჩაისუნთქეს.

ნებისმიერი გამოცდილი მებრძოლის ხელში, როდესაც ახალი თეატრი იხსნება, ახალი ტაქტიკა იბადება. არავინ იცის, ერთი კვირის შემდეგ უკრაინაში რა ტაქტიკა გაამართლებს. ამას უკვე ბრძოლის ველი გვაჩვენებს. ეს ის პრობლემაა, რომელიც რუსებს ელოდებათ. 

ვხედავთ ერთი შეხედვით უცნაურ კადრებს – რუსული ჯავშანტექნიკის კოლონებს, რომლებით თითქოს წინააღმდეგობის გარეშე გადაადგილდებიან კიევისკენ. რატომ არ ესხმიან მათ თავს? ეს შეიძლება ტაქტიკური ჩანაფიქრი იყოს? 

დიახ, ზოგჯერ თითქოს მისეირნობენ რუსები უკრაინის სიღრმეში. ის კოლონებიც, რომლებიც ბელორუსიდან შემოვიდნენ და მიემართებიან კიევისკენ. მე დარწმუნებული ვარ და სამხედროები დამეთანხმებიან, რომ ნებისმიერ ამ კოლონაზე შეიძლებოდა თავდასხმა. 

თუმცა, ჩემი აზრით, უკრაინამ ამგვარი ტაქტიკა აირჩია. საერთოდ, ჯავშანტექნიკის მარშირება ასეთ მანძილებზე არ შეიძლება. ასეთი მარშირების შემდეგ ყველა კაპრემონტზე  (კაპიტალური შეკეთება) იქნება დასაყენებელი. სანამ ადგილზე მიიყვან, 10% გზაშივე უნდა ჩამოწერო. უკვე ძალიან ბევრი ასეთი კადრიც ვნახეთ. 

როდესაც ეს ტექნიკა ადგილზე მივა, მას თავისი საცეცხლე მარაგი აქვს. ეს მარაგი გამიზნულია ერთი შეტევისთვის. შემდეგ საჭიროა მისი მომარაგება. როგორც დაიწყება მათი ლოჯისტიკური ხაზების ჩართვა, აი, მაშინ დაიწყება ამ მომმარაგებელ კოლონებზე თავდასხმები. მთავარია, სწორედ ამ კოლონებს მოუარო. მას მიაქვს ტყვია-წამალი, სურსათ- სანოვაგე, ცარიელი და მშიერი ჯარისკაცი ვერ იბრძვის. იგი თავისი ტყვია-წამლის მარაგს პირველივე შეტაკებაში, დაახლოებით ნახევარ საათში გახარჯავს. 

ისტორიაში პირველად, ნატომ მზადყოფნაში მოიყვანა სწრაფი რეაგირების ძალები. რით დაეხმარება ეს უკრაინას? 

ჩვენ ვუყურებთ რუსების ნახევარრკალს, რითაც ჩაკეტილი ჰყავს უკრაინა. რა არის ომი? ომს სჭირდება რესურსები, ფინანსები, მომარაგება. სამხედრო ტექნიკური პოტენციალი, იარაღი. დასავლეთი უკრაინას იარაღს ღიად აწვდის – ჯაველინებს, სტინგერებს და ა.შ. ეს იარაღი ჯერ არ მოსულა მოქმედებაში. ეს ის იარაღია, რომელიც სწორედ ქუჩის ბრძოლებშია საჭირო. ამას ჩვენ ყველანი მოქმედებაში ვნახავთ. 

მომარაგების გზები არის ევროკავშირის ქვეყნები, თუ ისინი არ გაამაგრებენ საზღვრებს უკრაინასთან და კორიდორებს ღიად დატოვებენ, მაშინ მომარაგების გზებიც ვერ იქნება დაცული. 

ამიტომ გადაიწია „ნატო” საზღვართან. „ნატოს” წესდება ვრცელდება 24-მილიან ზონაზე. ამ მანძილზე მათ შეუძლიათ აქტიური პასუხის გაცემა.

„ნატო” იცავს იმ სასიცოცხლო არტერიებს, რომლებიც უკრაინას მომარაგებისთვის, ლტოლვილების გაყვანისთვის სჭირდება. ყველა ქვეყანა მზად არის. ისინი ამბობენ, რომ მიიღებენ, აცხოვრებენ, აჭმევენ, მიხედავენ, ეს უმნიშვნელოვანესია მებრძოლის მოტივაციისთვის. თქვენ წარმოგიდგენიათ ბრძოლის ველზე რას ნიშნავს, როდესაც მებრძოლმა იცის, რომ მისი ოჯახი არის კარგად? ის შემდეგ დაუმარცხებელია, მას შეუძლია ტარანზე წავიდეს. ეს ხდება ახლა უკრაინაში. 

შიგნით პანიკა არ არსებობს, ორად-ორ რამეზეა რიგი – სისხლის ჩაბარებაზე და იარაღის დარიგებაზე. 

ანუ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რუსეთის არმიის ძლევამოსილების მითი დამსხვრეულია? 

თქვენ ესაუბრებით ადამიანს, რომელიც ამ მითს არასოდეს ცნობდა. მე მაკრიტიკებენ ხოლმე, რომ თითქოს მუშტებს ვაბრახუნებ. ამაზე ნერვები არ მეშლება. ყოველთვის ვამბობ, მენტალურად მტერს მაშინ აჯობებ, თუ არ იკითხავ მტერი რამდენია, და მხოლოდ იმას იკითხავ – სად არის ის (ძველი სპარტელების გამოთქმაა).

მენტალურად, უკრაინა ასეა. მაგალითად, შეგეძლოთ, წარმოგედგინათ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრძოლებში მოლოტოვის კოქტეილებს ნახავდით? 

ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ ეს ეფექტურია? 

ყველაზე ეფექტურია. ცეცხლი რომ მოედება ტექნიკას, დასრულებულია იმისი საქმე. რაც ეკიპაჟს რჩება, ისაა, რომ უნდა ამოვიდეს იქიდან. მეტი არაფერი. ახლო ბრძოლაში ყველაფრის სროლას, ეგ ჯობს. 

და რა როლი აქვს რეალურ ომებში საინფორმაციო ომს? 

უდიდესი. თქვენნაირი ადამიანები, თქვენ, დიდ საქმეს აკეთებთ. ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ, ომის წინ სიტყვა ჰიბრიდული რას ნიშნავს? თუ ომში ვართ, ე.ი. ომში ვართ. ჰიბრიდულში ხარ თუ ცხელ წერტილში, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამ ომში თქვენი იარაღი მოწინავეა, რაც შეგვიძლია აქედან გავაკეთოთ, ისაა, რომ სწორად აღვიქვათ ნებისმიერი განცხადება, სწორად გავაშუქოთ.

ბრძოლის ველზე მხარდაჭერა გულისხმობს  მებრძოლების მოტივირებასაც,  მათი ოჯახების მოტივირებას, ვინც მათ ელის. ამას მტერი ამძიმებს და სათავისოდ იყენებს – ავრცელებენ ინფორმაციებს, რომ თურმე უკვე დაუპყრიათ უკრაინა და ყველგან დაჯლიგინებენ. რაც მეტი დოზით იქნება სიმართლე, საქართველოში თუ სხვა მეგობარ ქვეყნებში, მით ახლოს იქნება გამარჯვება. დამიჯერეთ უძლიერესი იარაღი გიჭირავთ ხელში. 

ბოლოს, ხომ არ გსურთ რაიმე ისეთის დამატება, რის შესახებაც მე ვერ გკითხეთ? 

დიახ, დავამატებ: დიდება უკრაინას, დიდება გმირებს! 

მე მჯერა, რომ ეს პუტინის ბოლო სიმღერაა.