ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა

პუბლიკა

რეჟისორი ლევან წულაძე სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა. ლევან წულაძეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე უფლებამოსილების ვადა 2022 წლის პირველ იანვარს ამოეწურა.

მარჯანიშვილის თეატრში კონკურსი მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოცხადდა და მასში მხოლოდ მოცემულმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა, რის საფუძველზეც ლევან წულაძის კანდიდატურა კულტურის მინისტრმა განსახილველად წარუდგინა კულტურის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს.

საბჭოს სხდომაზე კენჭი უყარეს ლევან წულაძის კანდიდატურას და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დასამტკიცებლად მისი კანდიდატურა წარედგინათ სამინისტროსთვის. შედეგად, ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.