უკრაინაში მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის შემდეგ დაშავდა 17 და დაიღუპა სამი ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გუშინ რუსებმა მარიუპოლის სამშობიაროზე საჰაერო იერიში მიიტანეს.
„მარიუპოლი. რუსული ჯარების პირდაპირი თავდასხმა სამშობიაროზე; ხალხი ნანგრევების ქვეშ; ბავშვები ნანგრევების ქვეშ; ეს სისასტიკეა! მდუმარე მსოფლიო როდემდე აპირებს, იყოს ტერორიზმის თანამონაწილე? სასწრაფოდ ჩაკეტეთ ცა! სასწრაფოდ შეაჩერეთ მკვლელობები! თქვენ ფლობთ ძალაუფლებას, თუმცა, როგორც ჩანს, ადამიანობას კარგავთ“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ.
თავდასხმას საერთაშორისო გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა ამ ქმედებას „აბსოლუტურად საძულველი“ უწოდა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი, რომელიც ტრასთან მართავდა შეხვედრას, განაცხადა, რომ რუსეთმა ნება უნდა დართოს მოსახლეობას, დატოვონ ქალაქები, რომლებსაც დაუნდობლად ბომბავენ. სამშობიაროს დაბომბვას გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერიც – „ცოტა რამ არის დაუცველის მიზანში ამოღებაზე უფრო ამორალური“, – დაწერა მან.