თუ პუტინი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, NATO-ს ალბათ მოუწევს ომში ჩაურევლობას გადახედოს - დუდა

პუბლიკა

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას თქმით, იმ შემთხვევაში თუკი რუსეთის უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, NATO-მ შეიძლება გადახედოს თავის პოზიციას ომში არ ჩართვის შესახებ.

BBC-თან ინტერვიუს დროს პოლონეთის პრეზიდენტს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ პუტინი შეიძლება ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ემზადებოდეს. რაზეც დუდამ მიუგო, რომ პუტინმა პოლიტიკური ომი უკვე წააგო და სამხედრო კუთხით ჯერჯერობით ვერ იმარჯვებს, ამიტომ ყველაფერი შესაძლებელია.

„ვფიქრობ, ახლა პუტინმა ყველაფერი შეიძლება გააკეთოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ასეთ რთულ სიტუაციაშია“, – განაცხადა დუდამ.

თუმცა, პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, თუკი პუტინი მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს, ამან შეიძლება მთლიანი სურათი შეცვალოს.

„რა თქმა უნდა, [NATO-ს]… მოუწევს შეკრება და სერიოზულად დაფიქრება იმაზე, თუ რა უნდა მოიმოქმედოს. რადგან ეს უკვე იქნება სახიფათო არამარტო ევროპისთვის… არამედ მთელი მსოფლიოსათვის“, – თქვა ანჯეი დუდამ.

ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე თავდაპირველად ბრალდებები რუსეთში გააჟღერეს. მოსკოვში აცხადებენ, რომ უკრაინა აშშ-ის დახმარებით ქვეყანაში მსგავს იარაღს აწარმოებს. ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე ბრალდებები გაჟღერებულა საქართველოს მიმართაც, კრემლის მტკიცებით, საქართველოში ლუგარის ლაბორატორია სწორედ ამ კუთხით მუშაობს.

თუმცა, დასავლეთში შიშობენ, რომ მოსკოვიდან ეს რიტორიკა იმის გამო გაისმა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე თავად ფიქრობდნენ და შემდგომ ამისი გადაბრალება უკრაინისთვის სცადონ. მათ შორის ამაზე ისაუბრა გერმანულ გამოცემასთან NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.