ჩინეთი არასოდეს დაესხმება თავს უკრაინას - ჩინეთის ელჩი უკრაინაში

პუბლიკა

ჩინეთი „არასოდეს დაესხმება თავს უკრაინას“, – ამის შესახებ უკრაინაში ჩინეთის ელჩმა, ფანს სიანჟუნიმ განაცხადა. ინფორმაციას CNN ლვოვის რეგიონულ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩინეთი არასოდეს დაესხმება თავს უკრაინას. ჩვენ დავეხმარებით, განსაკუთრებით ეკონომიკურად.  ამ სიტუაციაში, რომელიც ახლა გაქვთ, ჩვენ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით“, – განუცხადა ჩინეთის ელჩმა უკრაინაში ფანს სიანჟუნიმ მაკსიმ კოზიტსკის, ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.

ელჩის განცხადებით, ჩინეთი უკრაინელი ხალხის მეგობარი ქვეყანაა და ჩინეთი უკრაინისთვის იქნება კარგი ძალა, რომელიც უკრაინას როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად დაეხმარება.

CNN ელჩის განცხადებას გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, რომელმაც ელჩი განცხადება დაადასტურა.

„ჩინეთი აბსოლუტურად მხარს უჭერს ელჩის განცხადებებს და ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს უკრაინაში სიტუაციის განმუხტვას. ის მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევაში“, – თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ბრიფინგზე.