საერთაშორისო საგამოძიებო მედიაგამოცემა Bellingcat-ის აღმასრულებელი დირექტორი Twitter-ზე წერს, რომ რუსეთის ეროვნული გვარდიის, „როსგვარდიის“ (რომელსაც უზარმაზარი დანაკარგი ჰქონდა უკრაინაში) მეთაურის მოადგილე, გენერალი რომან გავრილოვი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) დააკავა.
რისტო გროზევი აღნიშნავს, რომ ამ ინფორმაციას სამ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით ფლობს. მისივე ცნობით, დაკავებული გენერალი მანამდე პუტინის დაცვის სამსახურში მუშაობდა.
„დაკავების მიზეზი უცნობია: ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ იგი დააკავა FSB-ს სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა „იმ სახის ინფორმაციის გაჟონვისთვის, რომელმაც ადამიანები იმსხვერპლა“, დანარჩენი ორი წყარო კი აღნიშნავს, რომ „მიზეზი საწვავის ფლანგვა იყო“, – წერს რისტო გროზევი.
ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს პარტია „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენელი.
„სრული ფეიკია, ახლახან ველაპარაკე გენერალს“, – აცხადებს ალექსანდრ ხინშტეინი.
მედიის ინფორმაციით, მანამდე პუტინმა ФСБ-ს მე-5 განყოფილების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. ინფორმაციას რუსული ინტერნეტგაზეთი „მედუზა“ ავრცელებდა, რომელიც რუსეთის მთავრობის კრიტიკით გამოირჩევა და სანდო მედიაგამოცემად არის მიჩნეული.