„ყველა ჟურნალისტს, ტელე, რადიო, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის თითოეულ წარმომადგენელს გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს“, – პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვას მთავრობის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
ღარიბაშვილის მტკიცებით, კვლევების თანახმად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გატარებული რეფორმების შედეგად მედიის თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
„პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული, მაღალი პასუხისმგებლობისა და პროფესიული სტანდარტების დამოუკიდებელი მედია არსებითია დემოკრატიის ხარისხისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის. ჩვენი ხელისუფლება გარანტად უდგას თავისუფალ, პლურალისტურ მედიაგარემოს.
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გატარებული რეფორმების შედეგად მედიის თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამ მხრივ საქართველო დღეს რეგიონში უდავო ლიდერია. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ქართული მედია-სივრცის განვითარებისთვის“, – ვკითხულობთ ღარიბაშვილის მილოცვაში.
გასულ კვირას თავს მედიის ორ გადამღებ ჯგუფს დაესხნენ. პირველი შემთხვევა 17 მარტს, თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მოხდა – ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ჟურნალისტის ცნობით, ნაცემია 2 ოპერატორი და რეპორტიორი. თავდასხმელი დაკავებულია.
იმავე დღეს, თავს დაესხნენ „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს ზუგდიდში „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთან მუშაობისას. ჟურნალისტის თქმით, ფიზიკურად იძალადეს მასზე და ასევე, სცემეს ოპერატორს. დამტვრეულია აპარატურაც.
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება 5 ივლისის ძალადობის შემთხვევებზე. აღნიშნულ ეპიზოდს მედიის 53 დაზარალებული წარმომადგენელი და 27 ბრალდებული ჰყავს.