ევროკავშირში რუსეთისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესებას განიხილავენ - Reuters

პუბლიკა

ევროპაში ბაიდენის დაგეგმილი ვიზიტის ფონზე, რომელიც უკრაინისადმი მეტი მხარდაჭერის მობილიზებას ისახვს მიზნად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესებას განიხილავენ.

„ჩვენ ვმუშაობთ სანქციების მეხუთე ტალღაზე, რომელშიც ბევრი ახალი სახის ჩართვაც იგეგმება“, – უთხრა ევროკავშირის დიპლომატიური წრეებიდან წყარომ Reuters-ს.

უკრაინისათვის მხარდაჭერასა და რუსეთისთვის სანქციების გაფართოებაზე, ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელებენ. ჯო ბაიდენი ევროპაში ვიზიტისას NATO-ს სამიტში, დიდი შვიდეულის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და ევროკავშირის ლიდერებსაც შეხვდება.

სანქციეიბს პირველი 4 ტალღისას ევროკავშირმა არაერთი შეზღუდვა დაუწესა რუსეთს, რომელშიც 685 რუსი და ბელარუსი პირი მოექცა, გაყინეს რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები და მიმართეს სნაქციები რუსეთის ფინანსური და სავაჭრო სექტორისკენ.

რუსულ ნავთობზე ემბარგო უკვე დაწესებული აქვთ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს და განიხილება ემბარგოში ევროკავშირის ჩართვაც. თუმცა, რიგი ქვეყნები, განსაკუთრებით რუსულ ნავთობზე დამოკიდებული სახელმწიფოები, ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგებიან. როგორც Reuters წერს, მათ შორისაა გერმანია და ბულგარეთი.

საფრანგეთის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ სანქციებზე არ უნდა არსებობდეს „ტაბუ“, მაშინ როცა უკრაინაში იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, მილიონობით ადამიანმა კი ქვეყანა იძულებით დატოვა. პარიზში აცხადებენ, რომ ნავთობზე ემბარგო პუტინს დიდ დარტყმას მიაყენებს.