რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავისი ბირთვული მუქარები, ეს საშიშია და უპასუხისმგებლო - სტოლტენბერგი

პუბლიკა

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთის განცხადებაზე რამდენიმე შეკითხვა დაისვა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების მხრიდან.

„შეგიძლიათ აგვიხსნათ როგორ იცავს თავს ბირთვული შეტევისგან NATO, რადგან ცხადია რუსული სამთავრობო არხები ღიად უწევენ პროპაგანდას ამ საკითხს და პირდაპირ ლაპარაკობენ ბირთვულ შეტევაზე, “- ჰკითხა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იენს სტოლტენბერგს.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავისი ბირთვული მუქარები, ეს საშიშია და უპასუხისმგებლო. NATO არის იმისთვის, რომ დაიცვას თავის წევრი ყველა ქვეყანა. ჩვენ ძალიან მკაფიო მესიჯს ვუგზავნით რუსეთს – ბირთვულ ომს არ ეყოლება გამარჯვებული და არასდროს უნდა მოხდეს ეს. ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება, ნებისმიერი ბირთვული იარაღის გამოყენება სრულად შეცვლის ომის შინაარსს. ისინი ვერასდროს გაიმარჯვებენ. რუსეთმა ეს იცის მაგრამ მაინც აგრძელებს ამ რიტორიკას და ეს სრულად ეწინააღმდეგება ყველა შეთანხმებას, “- განაცხადა სტოლტენბერგმა. თარგმანი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ ეკუთვნის.