პესკოვი ბირთვულ იარაღზე: თუ ჩვენს ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ ექნება, შესაძლოა გამოვიყენოთ

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთმა ჯერ ვერ მიაღწია თავის სამხედრო მიზნებს უკრაინაში. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

გამოცემასთან ინტერვიუში მან ასევე არ უარყო შესაძლებლობა, რომ მოსკოვმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს. როგორც CNN წერს, დმიტრი პერსკოვმა კრისტიან ამანპურთან ინტერვიუში, არაერთხელ აღნიშნა, რომ ვერ გამორიცხავს ამ საკითხის განხილვას.

შეკითხვაზე, თუ რა პირობებში გამოიყენებს პუტინი რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებს, პესკოვმა უპასუხა: „თუ ეს იქნება ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ  შესაძლებელია.“

სპიკერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ კრემლის გეგმის მიხედვით მიდის. მან ინტერვიუში გაიმეორა, რომ ვლადიმირ პუტინის მოთხოვნები და „ოპერაციი მთავარი მიზნებია“ – „უკრაინის სამხედრო პოტენციალის აღმოფხვრა“, „ნაციონალისტური ბატალიონების“ განეიტრალება და იმის მიღწევა, რომ უკრაინა ნეიტრალური ქვეყანა იქნება.

პენტაგონი უკვე გამოეხმაურა პესკოვის ამ განცხადებას. პენტაგონი პესკოვოს განცხადებას ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით „საშიშს“ უწოდებს, მაგრამ ამბობს, რომ აშშ ვერ ხედავს საჭიროებას შეცვალოს თავისი შემაკავებელი პოზიცია.