დვალი: განცხადებები, რომელიც მთავრობამ გააკეთა, ცალსახად ჩანს, როგორც რუსეთის მხარდაჭერა

პუბლიკა

„ის, რომ ხალხი პროტესტს გამოთქვამს ჩანს, პრეზიდენტის პოზიციაც ჩანს. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არაა და სჯობს მეტ ადგილას ჩანდეს საქართველოს პოზიცია. ასევე, სამწუხაროდ, ჩანს ის განცხადებები, რომლებიც მთავრობამ გააკეთა და ის განცხადებები ჩანს ცალსახად, როგორც რუსეთის მხარდაჭერა, იმიტომ, რომ სხვა ინტერპრეტაცია შეუძლებელია. მე უნდა ვიყო მლიქვნელი და პირფერი, რომ სხვანაირად ვთქვა ეს. ამას სხვა ინტერპრეტაცია შეუძლებელია ჰქონდეს“, – ამის შესახებ მეცნიერმა, გია დვალმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ხმამაღალი განცხადებებიდან ერთადერთი, ვინც სარგებელი ნახა, რუსეთია.

„ერთია, როცა ჩუმად ხარ და ყველას ესმის, რომ ეს სანქციები არ ხდება ერთ ღამეში და ეკონომიკურ კატასტროფას ვერ გამოიწვევ შენს ქვეყანაში. ეს ყველას ესმის, მაგრამ ის, რომ ამის ხმამაღალი განცხადება ხდება, ამას ეს გადაჰყავს სხვა თვისობრივ მდგომარეობაში. ამას სჯობს, ჩუმად იყო. როგორც კი იწყებ ხმამაღლა საუბარს და ასეთი გონორით, ეს რუსეთის მხარდაჭერაა, სხვა ინტერპრეტაცია ამას არ აქვს. მე გარკვევით ვიძახი, რომ ასეთი ტიპის განცხადებებს სხვა შინაარსი არ აქვს. ახლა მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს რუსეთის მხარდამჭერი პოზიცია არ აქვს და ამის წარმოდგენაც არ მინდა, რომ ვიღაც შეიძლება მხარს უჭერდეს იმას, რაც რუსეთმა დაატრიალა უკრაინაში“, – განაცხადა გია დვალმა.

ჟურნალისტის კითხვა – „რა შეიძლება იყოს მიზეზი და რა კვებას ამ განცხადებებს?“ – უპასუხა:

„შენ შეგიძლია, ყოველთვის მოიგონო კეთილშობილური მიზეზი; შენ შეგიძლია თქვა, რომ გეშინია, ყველას გვეშინია და არავის უნდა მილიტარისტული დაპირისპირება, ყოველთვის შეგიძლია ახსნა სიფრთხილით, მაგრამ ამ ახსნას აზრი არ აქვს. ამ განცხადებებმა თავისი ზარალი მიაყენა ქვეყნის იმიჯს გარედან. ჩანს, ასევე, საბედნიეროდ, პრეზიდენტის პოზიციაც და ამას აკომპენსირებს. მე ვთვლი, რომ თუ არ შეგვიძლია რამე პოზიტიური ვთქვათ, სჯობს გავჩუმდეთ. ერთადერთი, ვინც სარგებელს ნახულობს ამ განცხადებებიდან, ეს რუსეთის მთავრობაა“, – ამბობს გია დვალი.