დსთ-ის ქვეყნების ცნობილმა კინოსტუდიებმა და საქართველომ გადაწყვიტეს, გააერთიანონ როგორც შემოქმედებითი, ასევე წარმოებისთვის საჭირო რესურსები და შექმნან ალიანსი კინოპროდუქციის ერთობლივი წარმოების მიზნით – ინფორმაციას უზბეკეთის კინემატოგრაფიის ლიგა ავრცელებს.
ალიანსის სამუშაო სახელია „დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს კინოსტუდიების საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაცია“.
„პუბლიკასთან“ „ქართული ფილმის“ წარმომადგენელი ხათუნა ხუნდაძე აცხადებს, რომ „სანერვიულო არაფერია“ და დეტალების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს, დამატებით შეკითხვებს კი სატელეფონო საუბარში არ პასუხობს.
„გავაკეთებთ პრესკონფერენციას და იქიდან შეიტყობთ ყველაფერს, რათა მერე არ იყოს ინტერპრეტაციები. არაფერია სანერვიულო, ოფიციალურად არის უარი ნათქვამი და არავითარი ალიანსი არ არსებობს, ეს იყო მემორანდუმი. დეტალებს მოგვიანებით გაიგებთ“, – აცხადებს ხათუნა ხუნდაძე.
უზბეკეთის კინოლიგის ცნობით, გადაწყვეტილება ალიანსის შექმნის შესახებ ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშამბეში დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს კინოსტუდიების დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მიიღეს. შეხვედრას ესწრებოდნენ: „ქართული ფილმის“, „მოსფილმის“, „ლენფილმის“, „თურქმენფილმის“, „ლენდოკის“, „უზბეკფილმის“, „ტაჯიკფილმის“, „ბელარუსფილმის“, „ყაზახფილმის“, „ყირგიზფილმისა“ და სხვა სტუდიების წარმომადგენლები. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ უზბეკეთის კინოსააგენტოს, მოლდოვის ეროვნული კინოცენტრისა და „პეტერბურგის დოკუმენტური კინოსტუდიის“ წარმომადგენლები.
შეხვედრაზე თავმჯდომარედ აირჩიეს უზბეკეთის კინემატოგრაფიის სააგენტოს დირექტორი, თანაშემწეებად კი – „ბელარუსფილმის“ გენერალური დირექტორი, შემოქმედებითი ურთიერთობების საქმეში და „ტაჯიკფილმის“ დირექტორი, ეკონომიკურ საკუთხებში.
„ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია და არ მივყვებით პოლიტიკურ იდეებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავერთიანდეთ ჩვენს ქვეყნებში კინოინდუსტრიისა და კინობაზრების განვითარების მიზნით. ეს ახალ ბიძგს მისცემს ეროვნულ კინოსკოლებსა და ზოგადად კინოინდუსტრიას“, – განცხადა „ტაჯიკფილმის“ გენერალურმა დირექტორმა.
„ქართული ფილმი“ კინოწარმოების 100 წელზე მეტს ითვლის. დღეს სტუდია სააქციო საზოგადოების სტატუსით არსებობს.