ბუჩაში ჩასვლაზე ყველა ოპოზიციური პარტიის თანხმობა მაქვს, თარიღზე შევჯერდებით - იოსელიანი

პუბლიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ უკრაინაში, ბუჩაში ჩასვლაზე ყველა ოპოზიციური პარტიის თანხმობა აქვს და ვიზიტის თარიღზე ამ კვირაში შეჯერდებიან.

იოსელიანს იმედი აქვს, რომ დელეგაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც შეუერთდებიან.

„არასოდეს ყოფილა ქართულ-უკრაინული ურთიერთობები ასეთ დაბალ დონეზე, როგორც დღეს არის. ამაში არის ჩვენი ხელისუფლების წვლილიც, ბრალიც. ჩვენი დეპუტატების წასვლა იქნება პირველი ნაბიჯი, რომ უკიდურესად დაბალ ნიშნულზე დასული ურთიერთობები წამოვწიოთ და დავაბრუნოთ იქ, სადაც უნდა იყოს. ჩვენ ოპოზიციას გვაქვს პასუხისმგებლობა, ჩავიდეთ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. მე, როგორც ოპოზიციის ვიცე-სპიკერმა, გავაკეთე უკვე კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის, ყველას თანხმობა მაქვს, ყველა მზად არის წამოვიდეს, ამ კვირაში საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით დეტალებზე და გეტყვით, როდის ჩავალთ, აუცილებლად ჩავალთ და გამოვუცხადებთ სამძიმარს უკრაინელ ხალხს და უკრაინის ხელისუფლებას“, – აცხადებს იოსელიანი, რომლის კომენტარს IPN ავრცელებს.


9 აპრილს, მას შემდეგ რაც პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტზე სტეფანჩუკის მიწვევას უარით უპასუხა, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლების ნაცვლად ბუჩაში ჩასვლის ინიციატივა გაუჩნდა.