ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლების ნაცვლად ბუჩაში ჩასვლის ინიციატივა აქვს

პუბლიკა

უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის მიწვევაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უარს და ზოგადად უკრაინასთან მიმართებით ხელისუფლების განცხადებებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

სხვადასხვა პარტიის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე მედიის შეკითხვებსაც უპასუხეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ საქართველოს ხელისუფლება არ ჩადის უკრაინაში, მაშინ ის მეორედ წავა უკრაინაში და ასევე აპირებს, მიმართოს ოპოზიციას, რომ ისინიც ჩავიდნენ და თავიანთი თვალით ნახონ, როგორია უკრაინელების ტრაგედია. დეკანოიძის ინიციატივის შემდეგ, „სტრატეგია აღმაშენებელმაც“ გამოთქვა იგივე მოსაზრება, ხოლო „ლელომ“ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია აქვთ ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავენ და გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებენ. დეკანოიძეს სოციალურ ქსელში დაეთანხმა ელენე ხოშტარიაც.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ზოგადად მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, რომ სამძიმარი არ გამოხატონ ბუჩაში და არ ნახონ თავისი თვალით, თუ რა საშინელი დღეები გამოიარა უკრაინამ, გენოციდი, ადამიანების, ქალების, ბავშვების მკვლელობა, გაუპატიურება, ეს არის შეურაცხმყოფელი საქართველოს სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის პოზიციით, საქართველოს პარლამენტის სპიკერი უნდა ჩასულიყო ბუჩაში, ნაცვლად ამისა მოვისმინეთ საყვედური და ქედმაღლური პოზიცია.

„ეს არ შეეფერება ქართველ კაცს, რომელიც უნდა იდგეს გვერდში თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის. ეს არის იმ ხაზის გატარება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან პირველი დღიდან უკრაინაში რუსეთის აგრესიისა. ერთი მხრივ ფორმალურად ჩვენ საერთაშორისო პლატფორმებზე მხარს ვუჭერთ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს, მაგრამ პრაქტიკული ნაბიჯები და განცხადებები არ შეესაბამება იმას, რაც უკრაინას ჩვენგან სჭირდება. საყვედურების და ქედმაღლობის ნაცვლად უნდა ჩავიდნენ კიევში, ბუჩაში და უნდა გამოხატონ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, შალვა პაპუაშვილის განცხადების წაკითხვის შემდეგ სირცხვილი იგრძნო.

„მრცხვენია, რომ ის წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას. მე ვფიქრობ, ოპოზიცია აქტიურები ვართ, კოლეგებსაც დაველაპარაკები და უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენ ჩავიდეთ ბუჩაში და საქართველოსთვის სათქმელი სიტყვა ჩვენ ვთქვათ“, – თქვა მან.

„თვითგადარჩენის პოლიტიკაა, ეს არაა პრაგმატიზმის პოლიტიკა“ – ასე შეაფასა უკრაინის მიმართ საქრთველოს ხელისუფლების განცხადებები გიორგი გახარიამ, ყოფილმა პრემიერმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს თავისუფლების ფასის გადახდა ყოველთვის უწევს და გამარჯვების მიღწევა მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი.

„ვიღაცას თუ ჰგონია, რომ მარტო პრაგმატიზმით სადმე მივალთ, პრაგმატიზმი ღირსების, მიზნის და თავისუფლების გარეშე არსად არ მიგვიყვანს“, – განაცხადა მან.

გიორგი გახარიას შეფასებით, ხელისუფლების საქციელს არანაირი მორალური გამართლება არც დღეს და არც მომავალში არ ექნება.

გახარიამ კონკრეტული განცხადებების შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი მორალურად გვერდით უნდა დაუდგეს  იმ ხალხს, რომელიც დღეს იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის.

„ჩვენი გონიერება უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც იქნება ეფექტური და არ უნდა დავუშვათ ის, რაც მოახდენს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას“, – განაცხადა გახარიამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ბუჩის ტრაგედიის საკითხისგან დისტანცირების სურვილი მხოლოდ ქვეყნის ინტერესების მოღალატე და ამორალურ ადამიანებს შეიძლება გაუჩნდეთ.

„ეს არის გაგრძელება ამ პოლიტიკურ და მორალურ კატასტროფაში კიდევ უფრო ღრმა ჩავარდნის, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმი და ივანიშვილის გარემოცვაა. სამწუხაროდ, ჩვენც გვაგდებს ირიბად, ისინი წარმოგვადგენენ ჩვენ. ეს მხოლოდ უკრაინის ამბავი არაა, ჩვენი თავისუფლების ამბავიცაა და ეს სამარცხვინო პოზიცია ყველაფერში გამოავლინეს, ყველა საჯაროდ დაფიქსირებულ სიტყვაში, ეს ბოლო სირცხვილი, ამ ამაზრზენი ტრაგედიის, რომელმაც შეძრა მთელი მსოფლიო და სადაც პრინციპული საკითხია, რომ ბოლომდე მივყვეთ ამ ამბავს, რათა დაინგრეს ბოროტების იმპერია და დაისაჯოს ისინი, ვინც ეს ბოროტმოქმედება ჩაიდინა, ამისგან დისტანცირების სურვილი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ღრმად ამორალურ და საკუთარი ქვეყნის ინტერესების მოღალატე ადამიანებს“, – განაცხადა ბოკერიამ.

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის შეფასებით, იმის მიუხედავად, ვინ ვისზეა ნაწყენი და ვის ვისი განცხადება არ მოსწონს, დღეს უკრაინა ომშია, რუსეთი მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავს და დღეს იმაზე საუბარი, რომ უკრაინის მხრიდან რამე საწყენია, არასწორია.

„დღეს არის დრო, როდესაც გვერდით უნდა ვედგეთ ყველანაირად, პოლიტიკურ დონეზე, ადამიანურ დონეზე, რაც შეგვიძლია, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა მან.

ლევან იოსელიანი უკრაინაში ოპოზიციის ჩასვლის კოორდინირებას პირადად აპირებს.


უკრაინის რადის სპიკერმა სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში 7 აპრილს განაცხადა, რომ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვები ევროკავშირის პარლამენტებსა და G20-ის ქვეყნების პარლამენტის სპიკერებს, რომ მოინახულონ უკრანის გათავისუფლებული ქალაქები, განსაკუთრებით ბუჩა და ირპინი.

საქართველს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უარს აცხადებს უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის მიწვევაზე.