მოქალაქეებმა თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების ჭარბი რაოდენობა შეიძინეს, რის გამოც დეფიციტი შეიქმნა - ადამია

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკა ადამიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესცენტრში გამართულ შეხვედრაზე რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემისა და ფარმაცევტული ბაზრის რეფორმის შესახებ ისაუბრა.

მან განაცხადა, რომ მოსახლეობამ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჭარბი რაოდენობა შეისყიდა, რამაც მედიკამენტებზე დეფიციტი გამოიწვია.

„ჩვენ თურქეთი აღიარებით ქვეყნების სიაში დავამატეთ. გავამარტივეთ აღიარებითი ქვეყნის რეჟიმით რეგისტრაციის მექანიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქული მედიკამენტები მარტივად შემოვა ბაზარზე,  ანუ გასნილია მათთვის საქართველოს ბაზარი. პირველივე კვირაში თითქმის 80-მდე მედიკამენტი იყო საქართველოში, დღეს უკვე 200-ზე მეტია.

თუმცა, სავარაუდოდ, მოსახლეობის მხრიდან არასწორად იყო აღქმული, ანუ ჩათვალეს, რომ ეს იყო როგორც აქცია და არა სისტემატური რეჟიმის გამო. მოხდა მედიკამენტების ჭარბი რაოდენობით შესყიდვა, შემდგომი მოლოდინების საპასუხოდ. რეალურად, ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდება, კიდევ უფრო მოიმატებს თურქეთიდან იმპორტი, დეფიციტები აღმოიფხვრება და არ გვექნება.

დიახ, ჭარბი რაოდენობით შესყიდვა იყო. თავიდან, ყველა იმპორტიორს  არ ჰქონდა რეალურად სრულად შემოტანილი, რაც ნელ-ნელა სწორდება. შეიძლება წერტილოვნად იყოს რაიმე პრობლემა, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გამოსწორებადია“, – განაცხადა ეკა ადამიამ.