აზარაშვილი: ექიმს შეეძლო პირდაპირ გამოეწერა, მაგალითად, მიგ-400, ახლა ვეღარ შეეძლებს

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 აპრილიდან ყველა ექიმი საქართველოში ვალდებული იქნება მედიკამენტი გამოწეროს გენერიკული დასახლებით ანუ, ე.წ. აქტიური ნივთიერების მითითებით. რეგულაცია ვრცელდება მეორე ჯგუფის მედიკამენტებზე.

„თუ ადრე ექიმს შეეძლო პირდაპირ დაეწერა მიგ-400, ნუროფენი და ა.შ. ახლა მიუთითებს იბუპროფენს – აქტიური ნივთიერების დასახელებას.

აღარ ექნება ბრენდის მითითების შესაძლებლობა და როცა აფთიაქში მივა, პაციენტს იბუპროფენის შემცველ ყველაზე იაფ ალტერნატივას შესთავაზებენ და უკვე თვითონ პაციენტი გადაწყვეტს თავად, რომელი მედიკამენტი შეიძინოს“,  – განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა სხდომაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რეგულაცია ეხება ყველა კლინიკას, ყველა ექიმს და ვრცელდება მეორე ჯგუფის მედიკამენტებზე.

ჯანდაცვის სამინისტროში „პუბლიკას“ განუმარტეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი გენერიკების პოზიტიურ სიაში შესული ყველა მედიკამენტი ბიოეკვივალეტნურობა შემოწმებულია და ხარისხთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

გენერიკული არის არაბრენდირებული მედიკამენტი. ქართული ფარმაცევტული ბაზარი გენერიკული მედიკამენტებით საკმარისად გაჯერებული არ იყო და, მეტიც, ის არაპოპულარული იყო როგორც ექიმებში, ისე პაციენტებში. 2011 წლის კვლევის მიხედვით, ექიმთა მხოლოდ 14% ნიშნავს გენერიკმედიკამენტებს. არადა, არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ გენერიკული მედიკამენტებით მკურნალობა გაცილებით დაბალფასიანია, ვიდრე ორიგინალი ბრენდებით.

მეორე ჯგუფს დაქვემდებარებულია შემდეგი მედიკამენტები: ანტიბიოტიკები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ჰორმონული, ონკოლოგიური და სხვა პრეპარატები, ასევე – წნევის მარეგულირებელი მედიკამენტები და ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი.