განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნას მიესალმება. მისივე თქმით, მისი თანამდებობიდან წასვლა ამ საკითხს არ უკავშირდება.
„სადღაც საბუთების გაგზავნა, პირდაპირ ვერ დაუკავშირდება ამას. თუმცა შემიძლია გითხრათ და მანამდეც არაერთხელ განვაცხადე, რომ მივესალმები ამ საქმის სტრასბურგში გაგზავნას და ამ პროცესს“,- განაცხადა ბატიაშვილმა.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა სარჩელი „შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“.
ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა. ბაჩანა შენგელია, სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას პედაგოგზე პოლიტიკური შეხედულების გამო ზეწოლად აფასებდა. სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, თუმცა მიმდინარე წლის აგვისტოში გამოძიება შეწყდა, უწყების განმარტებით დანაშაულის არარსებობის გამო.