საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკები პროგრამის ფარგლებში დადგენილი ტარიფების გადახედვას მოითხოვენ. საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე.
კლინიკებში ამბობენ, რომ სამინისტროს სხვადასხვა მომსახურებაზე დადგენილი ფასებისთვის 2013 წლიდან არ გადაუხედავს, ამ 9 წლის განმავლობაში კი ბევრი რამ შეიცვალა – გაძვირდა იმპორტირებული პროდუქტი, კომუნალური გადასახადები, რამაც ჰოსპიტალური სექტორის ხარჯი მნიშვნელოვნად გაზარდა.
ტარიფების ინდექსაციის პრობლემა ჰოსპიტალური სექტორისთვის არახალია. ცვლილებებებს ბოლო რამდენიმე წელია, მოითხოვენ. ჰოსპიტალური სექტორისგან ყველაზე დიდი კრიტიკა ჯანდაცვის სამინისტრომ 2019 წელს 520 დადგენილებაში შესული ცვლილებების გამო მიიღო. 520 დადგენილება კარდიოლოგიასა და რეანიმაციას მოიცავს და 2019 წლის ცვლილებებით ამ მიმართულებებზე ტარიფები შემცირდა. იყო პროტესტიც, თუმცა 2020 წელს დაწყებული პანდემიის გამო, კლინიკებს სამინისტროსთან ამ თემაზე საუბარი აღარ გაუგრძელებიათ, რადგან დღის წესრიგში სულ სხვა საკითხები დადგა.
ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორი, მაია მახარაშვილი ამბობს, რომ 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებაზე დაწესებული ტარიფების რევიზია ერთადერთხელ, 2019 წელს ჩატარდა და ამ ცვლილებებმაც გაუმჯობესების ნაცვლად მდგომარეობა გააუარესა, რადგან 520 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები რიგ შემთხვევაში ჩამოუვარდება მომსახურების საბაზრო ღირებულებას და სამინისტროს მიერ დაწესებულ მანამდე არსებულ საშუალო ტარიფზე ნაკლებია.
ხეჩინაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, 2019 წელს დადგენილი ტარიფები არაადეკვატურია, არ შეესაბამება სერვისებისა და მასალების რეალურ თვითღირებულებას და უმეტეს შემთხვევებში სამინისტროს მიერ დაწესებული მანამდე არსებულ საშუალო ტარიფზე ნაკლებია.
მისი თქმით, პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა – ჰოსპიტალური სექტორის ხარჯი, სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო მასალის ღირებულების ზრდის გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„2013 წლიდან ერთი დღე რეანიმაციის ღირებულება 760 ლარის ფარგლებში იყო, მერე შეამცირეს 600 ლარამდე, ბოლოს კი, 520 დადგენილებით, 450 ლარი განისაზღვრა. 2013 წლიდან 2022 წლამდე როგორ შეიძლება, ერთი და იმავე ფასით შეძლოს რომელიმე ბიზნესმა ოპერირება, ყველა იმ გარეშე ფაქტორის გათვალისწინებით?! ამხელა ინფლაციაა და კურსთა შორის სხვაობაც იცით, რა მდგომარეობაშია. შესყიდვა ხდება იმპორტირებული საქონლის და, შესაბამისად, ფასი ლარის კურსზეა დამოკიდებული. ამ ცვლილებების აუცილებლობაზე სამინისტროს ვესაუბრებით. შეთანხმება, რომ ეს ფასები არაადეკვატურია, მიღწეულია. მონაცემები და კალკულაციებიც გაზიარებული გვაქვს სამინისტროსთვის. ახლა საჭიროა ცვლილებების იმპლემენტაცია, რადგან ნებისმიერი სახის ინდექსაცია ბიუჯეტში უნდა აისახოს“. – ამბობს მაია მახარაშვილი.
მისივე თქმით, ის იმედიანად უყურებს სამინისტროსთან მოლაპარაკებებს და იმედოვნებს, რომ ტარიფების ინდექსაციაზე გადაწყვეტილებას სამინისტრო დროულად მიიღებს.
ზურაბ ქიტოშვილის, „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის თქმით, კომპანია ჰოსპიტლების შეუფერხებლად ოპერირებას ვეღარ უზრუნველყოფს და ჰოსპიტალური სექტორი სამინისტროსგან მთლიანად სატარიფო პოლიტიკის გადახედვას მოითხოვს. ის ამბობს, რომ პოსტკოვიდურ გარემოში, მაღალი ინფლაციის ფონზე კლინიკებისთვის რთულია საკადრო ნაწილში ხელფასების ადეკვატურ ნიშნულამდე მიყვანა, რამაც სფეროდან კადრების გადინება გამოიწვია. „ჯეო ჰოსპიტალსის“ ყველა კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილეა.
„იმდენად შეიცვალა ბიზნესგარემო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რომ ვეღარ უზრუნველყოფს შეუფერხებლად ოპერირებას კომპანია. პრიორიტეტია, რომ დროში სწრაფად დასრულდეს ეს პროცესი, რათა ოპერირება გავაგრძელოთ შეუფერხებლად. მთლიანად სატარიფო პოლიტიკის გადახედვას მოვითხოვთ. 2013 წელს დადგენილი ტარიფებით ვმუშაობთ. ძალიან ბევრი გარემოება შეიცვალა და ტარიფების შეცვლა აუცილებელია“. – ამბობს ზურაბ ქიტოშვილი.
მისი თქმით, მაღალი ინფლაციის ფონზე ხელფასების ადეკვატურ ნიშნულამდე მიყვანას კლინიკებში ვერ ახერხებენ, რის გამო სფეროდან კადრების გადინება დაიწყო.
„არათუ კლინიკიდან კლინიკაში, სექტორიდან მიდიან კადრები, პირობითად, ექთნები და სანიტრები იწყებენ სხვა ალტერნატიულ ინდუსტრიებში დასაქმებას. კადრების სრული დეფიციტია და შეუძლებელი ხდება კონკურენტული ხელფასის შეთავაზება. მსგავს ვითარებაში გრძელვადიან განვითარებაზე ფიქრი შეუძლებელია, რადგან ყოველდღე გადარჩენაზე ვფიქრობთ. ლიკვიდურობის პრობლემა გვექნება.“ – ამბობს ზურაბ ქიტოშვილი.
კოლეგების მსგავსად სამინისტროსთან მოლაპარაკებებს ისიც იმედიანად აფასებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, პროცესი სწრაფად დასრულდეს და მთელი რიგი სტრატეგიული გადაწყვეტილებები სწორად მიიღონ.
ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური ამბობს, რომ სამინისტრო ტარიფების ინდექსაციის თემაზე ინტენსიურად მუშაობს კლინიკებთან. მისივე თქმით, მთავარი მოთხოვნა რეანიმაციისა და კარდიოლოგიის მომსახურებებზე დადგენილი ტარიფების გადახედვაა.
ეს ის ტარიფებია, რომელიც 520 დადგენილებით განისაზღვრა. ილია ღუდუშაური ამბობს, რომ მოქმედ სისტემას სექტემბრიდან ეტაპობრივად შეცვლის DRG -ის გადახდის სისტემა, მანამდე კი იმ კლინიკებისთვის, რომლებიც რეანიმაციულ სერვისებზე სამინისტროს მიერ დადგენილ ახალ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, ტარიფები შეიცვლება.
„რაც შეეხება ტარიფების ინდექსაციას, ამ საკითხზე არსებობს სამუშაო ჯგუფი და, ფაქტობრივად, ყოველკვირეულ რეჟიმში გვაქვს შეხვედრები. დაახლოებით 3-4 თვის წინ მინისტრმაც თქვა, რომ ტარიფიკაციის მოდელი იცვლება და გადავდივართ DRG მოდელზე.
ვფიქრობთ, სექტემბრიდან ეტაპობრივად გადავალთ DRG მეთოდოლოგიაზე. რაც შეეხება იმას, კონკრეტულად ახლა რა პრობლემებსაც აყენებენ, ჩვენ საქმის კურსში ვართ. ეს არის 520 დადგენილება, რომელსაც 2019 წელს, ამ დადგენილების მიღების დროსაც აპროტესტებდა ჰოსპიტალური სექტორი – ეს არის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის ტარიფები.
ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ და სამინისტრო მათ სთავაზობს, რომ უახლეს კვირებში შემოვიღებთ რეანიმაციის სტანდარტს, რომელიც კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ და ხარისხობრივ მოთხოვნებს უწესებს კლინიკებს, ხარისხის გასაუმჯობესებლად. იმ კლინიკებს, რომლებიც განახლებული სტანდარტის მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, შესაძლებლობა ექნებათ, რომ მათთვის ტარიფი გადაიხედოს მანამდე, ვიდრე DRG სტანდარტი შემოვა.
მათ აქვთ საშუალება, დააკმაყოფილონ განახლებული რეანიმაციის სტანდარტი და მანამდე გაეზრდებათ ინდექსაცია ტარიფზე, თუ არადა, უნდა დაელოდონ სექტემბერს, როცა DRG შემოვა და მთლიანად შეიცვლება გადახდის პირობები და კონკრეტული ტარიფი კონკრეტულ ნოზოლოგიაზე აღარ იქნება მიბმული. რეანიმაციის ახალი სტანდარტი ივლისის შუა რიცხვებამდე მზად უნდა იყოს.“ – ამბობს ილია ღუდუშაური.
მისი თქმით, ინფლაციის ფონზე ტარიფების გაზრდის მოთხოვნა კლინიკების მხრიდან გასაგებია, თუმცა სამინისტროს პოზიციაა, რომ ტარიფების ზრდასთან ერთად ხარისხიც უნდა გადაიხედოს და შესაბამისი სერვისი მიეწოდოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
„ერთი საკითხია მნიშვნელოვანი, ყველა კლინიკა კერძოა და ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, ჩართულები არიან კერძო დაზღვევაში. ასევე, არიან პაციენტები, რომლებიც თავიანთი ჯიბიდან აფინანსებენ სერვისებს. ამიტომ, თუ რაღაც კონკრეტულ ვადაში ვერ ეტევიან, ნებისმიერ დროს კონკრეტული სერვისის გათიშვის უფლება აქვთ, თუ არ აწყობთ სახელმწიფო ტარიფი, თუმცა შემჭიდროებულ ვადებში ვმუშაობთ ამ საკითხზე და ეს პრობლემა არ უნდა დადგეს.“ – ამბობს ღუდუშაური.
მისი თქმით, კლინიკების ძირითადი პრობლემა 520 დადგენილებაა, რომელიც რეანიმაციას და კარდიოლოგიას აფინანსებს. ის ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯის 30-40% მოდის რეანიმაციასა და კარდიოლოგიაზე, შესაბამისად, ყველაზე კრიტიკულია მათთვის ამ ტარიფების შეცვლა.
„სტანდარტი ჩამოყალიბებულია. უბრალოდ, მიმდინარეობს შეხვედრა ამ თემაზე, რომ საბოლოო ვარიანტზე შევჯერდეთ. სამინისტრომ მოამზადა სტანდარტი, გავდივართ კონსულტაციებს ისევ კლინიკებთან, რომ მათი ხედვა გავითვალისწინოთ. არ არის აქ საუბარი თვეებზე. დღეებსა და კვირებზეა საუბარი და როგორც კი სტანდარტი დამტკიცდება, რომელი კლინიკაც უფრო მალე დანერგავს ამ სტანდარტს, შეეძლება, მომართოს ჯანდაცვის სამინისტროს და მათთვის შეთავაზებული იქნება ინდექსირებული ტარიფი.“ – ამბობს ღუდუშაური.
რაც შეეხება DRG -ის გადახდის სისტემის დანერგვას, ის ამბობს, რომ ამ თემაზე სამინისტრო, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანი და ჯანმოს კონსულტანტები ერთად მუშაობენ. მისი თქმით, DRG-ის პილოტირება ამ ეტაპზე პარალელურ რეჟიმში ყველა ჰოსპიტალში მიმდინარეობს.