სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციასთან, ხელფასების ზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეთა განმარტებით, დანამატები, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში იღებდნენ, მოეხსნათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი სამუშაო დატვირთვა არ შემცირებულა. მათივე თქმით, პანდემიისას მიღებული დანამატი მათი ისედაც დაბალი ანაზღაურების ერთგვარი დაბალანსება იყო. მათივე თქმით, დანამატის მოხსნას თან დაერთო ინფლაციაც, რის შედეგადაც მათი ანაზღაურება, გაწეული შრომის ფონზე, მიზერული გახდა.
„მე მყავს სამი შვილი და მეუღლე. ხუთსულიანი ოჯახის შენახვა ძალიან რთულია 1100 ლარად, წარმოუდგენელია, აღარაფერს ვსაუბრობ იმაზე, რომ პენსიონერი დედა და მამა მყავს. 18 წელია ვმუშაობ და მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, რომ ექიმი გამოსულიყო მსგავსი მოთხოვნით. ჩვენ გვესმის ყველაფერი, მაგრამ ეს არის ისეთი პერიოდი, როდესაც უკვე ზღვარზე ვართ, რადგან ძალიან გაგვიჭირდა“,- უთხრა „ტვ პირველს“ აქციის მონაწილემ.
„შეურაცხყოფა დიდია, რადგან ნორმალურ სახელმწიფოში ექიმი არ უნდა შიმშილობდეს და ფაქტობრივად ახლა ასეა, რადგან დღევანდელი ინფლაციის პირობებში ის თანხა, რასაც ვიღებდით ასე თუ ისე რაღაცას ნიშნავდა, დღესდღეობით არაფერს აღარ ნიშნავს“, – უთხრა „ტვ პირველს“ აქციის მონაწილემ.
მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე ორთვიანმა მოლაპარაკებებმა კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო.