პასუხი სასწრაფოს თანამშრომლებს | „ხელმძღვანელობა მზადაა, განაგრძოს შეხვედრები"

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი სასწრაფოს თანამშრომლების მიერ აქციაზე წამოყენებულ მოთხოვნებს ეხმაურება. როგორც ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, მზად არიან, განაგრძონ სამუშაო შეხვედრები, რათა „მოქალაქეთა და ცენტრის თანამშრომელთა საუკეთესო ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული”.

„ჯანდაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობის ინიციატივით გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, სადაც მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები იქნა მოსმენილი და გათვალისწინებული. უნდა აღინიშნოს, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება არ შემცირებულა, მათ მოეხსნათ მხოლოდ ის ფულადი დანამატი, რომელიც კოვიდპანდემიის დროს გაიცემოდა გაზრდილი გამოძახებებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით.

ხაზგასასმელია, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახებები კოვიდპანდემიის დადებითი დინამიკის ფონზე, მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, სამინისტრომ დაუშვა გამონაკლისი და აპრილის თვის ფულად დანამატს ისინი უახლოეს დღეებში მიიღებენ.

სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეუმცირდებათ სამუშაო საათები ისე, რომ არ დააკლდებათ ხელფასი (თვეში 192 საათიდან 156 საათამდე), რაც მათ პროდუქტიულობაზე და სამედიცინო მომსახურების ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახება.

სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება 1200 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობს. საშუალოდ, თვეში რეანიმატოლოგის სახელფასო ანაზღაურება  2000 ლარს, ექიმის 1700 ლარს, ექთნის 1300 ლარს, მძღოლის 1200 ლარს შეადგენს. მათი სამუშაო გრაფიკი მოიცავს 4 დღეში ერთხელ 24-საათიან მორიგეობას (თვეში საშუალოდ 7-ჯერ). აღსანიშნავია, რომ მათ, ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეებს, წლის დასაწყისში 10%-ით გაეზარდათ ხელფასები.

ასევე, მიმდინარეობს თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების პროცესი. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრის ავტოპარკისა და სამედიცინო აღჭურვილობის  განახლება, არსებული ფილიალების რემონტი და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა. მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოხდეს უქმე დღეებთან დაკავშირებით დამატებითი ანაზღაურების გაცემა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლებთან შეხვედრები სამუშაო ფორმატში, რათა საქართველოს მოქალაქეთა და ცენტრის თანამშრომელთა საუკეთესო ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული”, – ნათქვამია განცხადებაში.


სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დღეს ხელფასების მომატებისა და ღირსეული სამუშაო პირობების მოთხოვნით აქცია გამართეს.

როგორც ისინი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, დანამატები, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში იღებდნენ, მოეხსნათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი სამუშაო დატვირთვა არ შემცირებულა. მათივე თქმით, პანდემიისას მიღებული დანამატი მათი ისედაც დაბალი ანაზღაურების ერთგვარი დაბალანსება იყო. მათივე თქმით, დანამატის მოხსნას თან დაერთო ინფლაციაც, რის შედეგადაც მათი ანაზღაურება, გაწეული შრომის ფონზე, მიზერული გახდა.