25 მაისი
დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა: – ჩემი ორი უახლოესი ბავშვობის ძმაკაცის – გიორგი პატაშურის და ანრი კოჭლამაზაშვილის დაბადების დღე… გიორგის დედა და დედაჩემი, ბავშვობის მეგობრები იყვნენ და ჩვენც პირდაპირი მნიშვნელობით აკვნიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ანრი, ჩემი ბიჭის სანდრიკას ნათლიაა და ყველა იმ შარის და თავგადასავლების თანამონაწილე, რაც კი ცხოვრებაში გადამხდენია ფათერაკებიან 90-იან წლებში და მერეც… სწორედ ანრი გადმომყვა 1999 წელს ოქტომბერში, აფხაზეთში, „ტყის ძმებთან“, გალში პირველი რეიდის დროს. ანრია „ცარიელ საფერფლეში“ მომხდარი ამბების მთავარი გმირი და კიდევ სხვა მოთხრობებში და ჩანაწერებშიც გამოჩნდება ხოლმე… ჩემი ძმაა და სიცოცხლის ბოლომდე ეგრე იქნება!..
გიორგი პატაშური 18 წლისა მოხალისედ წავიდა, უკვე წაგებულ აფხაზეთის ომში, კოდორის ხეობას იცავდა და სანამ იქ იყო, იქაურ სვანებთან ერთად დაიცვა და შეინარჩუნა კიდევაც, ნახევრად მითოლოგიური კოდორის ხეობა, რომელსაც ადგილობრივი სვანები დღემდე დალის ხეობას (დალი – მითოლოგიური სვანური ქალღმერთი, ნადირთ მფარველი, დაახლოებით აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გავრცელებული ალის მსგავსი – იხ. შიო არაგვისპირელის „ქაჯანა“ „ალი“ და ა.შ.) უწოდებენ!..
ერთ–ერთი ოპერაციის დროს ნაღმზე შედგა, ახლომახლო პროფესიონალი გამნაღმველი არ იყო და უზარმაზარი ქვა მოათრიეს და ექვსი საათი მილიმეტრ–მილიმეტრ აცურებდნენ, ასე გოჯ–გოჯობით, რომ სიმძიმის ბალანსი შეენარჩუნებინათ და გიორგი ნაღმიდან მოეხსნათ… უკვე ჩამოსულს ვკითხე: – „გიგუშ, რა იგრძენი ნაღმზე რომ დადექი–მეთქი…“. და უცებ ამხელა კინგ–კონგს უცნაურად საბრალო სახე გაუხდა და: – „მოვიწყინეო“ – ეგრევე მითხრა… მაშინ სასწაულად გადარჩა, მაგრამ იქვე, კოდორში, მაინც დაიჭრა და კონტუზიაც დაემართა უკვე სხვა ბრძოლებში. სულ რაღაც 18 წლისა უკვე ვეტერანი იყო… თუმცა ვეტერანის წოდებას მაინც არ მისცეს: – „ოფიციალურად კოდორის ხეობაში საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდაო…“. ეს შტაბის ვირთხები… ეგ არაფერი, ჯანში შეიკეთონ თავისი „წოდებები“. ჩვენ ხომ ვიცით და თავისი საბრძოლო იარებიც ხომ თან დააქვს…
მთელი ცხოვრება ისე გამოვიარეთ, რომ არცერთხელ ჩხუბში არ წაგვიყვანია. აზრი არ ჰქონდა, მაშინ ჩვენ დავრჩებოდით უსაქმოდ, მოსიარულე აკრძალული იარაღია რა, კასეტური ბომბების პონტში!.. ვინც იცნობს, ან ჩემს პრეზენტაციაზე უნახავს მაინც, მიხვდება, რასაც ვამბობ… ასე 11 წლამდე წრიპა იყო, კეთილი და უმწეო, მერე ერთ მშვენიერ ზაფხულსაც ეტყობა მობეზრდა ჩვენი მუჯლუგუნების ატანა, კარატეში დაიწყო ვარჯიში და იმის მერე ახლოსაც არ გავკარებივართ… რას გავეკარები შავი ქამრის, პირველი დანის თუ რაღაც ეგეთის მფლობელია, თან ამხელა მონსტრი… სახე კი ისევ ისეთი კეთილი და საწყალი დარჩა. სწორედ გიორგია ავტორია ფრაზისა, რომელიც ერთ სუფრაზე გვითხრა და ჩემს „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერების“ ერთ–ერთ თავს წავუმძღვარე: – „მოდით ხოლმე, ძმებო, ნუ დამივიწყებთ, მესტუმრეთ, ჭიქა ავწიოთ, პური გავტეხოთ და ეს წუთისოფელი აბუჩად ავიგდოთო…“. მართლა გენიალურია… გიორგიც ძმაა და სიკვდილამდე ეგრე იქნება და სიკვდილის მერეც… ერთი ბრიგადა ვართ რა, ეს სამნი და კიდევ რამდენიმე ჯეელი – ყველანი ტოლები ვართ, 1974 წელს დაბადებულები, ესენი უკვე 48 წლისანი გახდნენ (ვინ იფიქრებდა რომ ამდენ ხანს გავძლებდით, 21 წლისებს, უკვე სამი ომი გვქონდა წაგებული და სერიოზულად ვფიქრობდით რომ ძალიან, ზედმეტადაც დიდხანს ვიცოცხლეთ, არადა ლაწირაკები ტოო), მე კი 6 ოქტომბრამდე, მათზე უმცროსი ვიქნები 47 წლის… რა თქმა უნდა, აქედან, კიევიდან დავურეკე და მივულოცე… თავიდან ცოტა შეშფოთებული მელაპარაკებოდა, თავისი კლასიკური მოწყენილი სიფათით: – „სად წახვედი, თავს გაუფრთხილდი მანდ არ იგიჟო, ეგ უკრაინა, ჩვენი თბილისი და კავკასიის უღელტეხილები არ გეგონოსო“… მერე რომ დაინახა, ყოჩაღად იყავი, თვითონაც მოხასიათდა: – „ნუ გეშინია აქ არ დავიბრიდებით, მაგრამ შენ გირჩევნია აქედანვე იარაღი დაიმარაგო, თორემ ღმერთმა არა ქნას, აქ თუ ვერ დავიმაგრეთ ეს ბოზის დაზრდილი რუსები, მანდაც მოგვადგებიან და მოგვიწევს, ამ სიბერეში, უმთვარო და უვარსკვლავო ღამეებში თბილისის ქუჩებში მგლებივით ძუნძული, ავტომატით ხელში, ამ ვანიების ჩასახოცად მეთქი…“. „ნუ გეშინია თხილამურებისგან ისეთ მშვილდისრებს ვაკეთებ თუნუქსა ხვრეტს ას ნაბიჯში, არც ხმა აქვს და არც არაფერი, ზედგამოჭრილია ჩვენი ამბებისთვისო…“, სერიოზულად მეუბნება, კი არ ღადაობს… აესეთი „იდეინი“ არანორმალურია ღრმა ბავშვობიდან, ასხია ტოო, აი დახუნძლულია…. აქ „ისკანდერებს“ გვაღუნავენ თავზე, კასპიის ზღვიდან გვესვრიან, 5 000 კილომეტრიდან, ეს კიდევ მშვილდ–ისარს 100 მეტრში თუნუქს ვახვრეტინებო… არადა, ახვრეტინებს… ერთი ორი ჭიქაც თუ დალია, ხო იქ არი, იახსართან, კოპალასთან, გაც და გაილთან, არმაზთან და დიდ დედასთან (ეს დიდი დედა მგონი თვითონ მოიგონა თუ აღმოაჩინა)…
ანრის ვერ დავუკავშირდი… გაბუტულია მგონი, არ მელაპარაკება… მიაჩნია, რომ არასწორ მხარეს ვომობ – „ლიბერასტების“ მხარეს და „ერთმორწმუნე რუსეთს“ ვებრძვი… იმდენი მაგათი არაერთმორწმუნედედები… სუ გააფრინა!.. არადა, აქამდე ისე მოვედით, რომ ჩემი და მაგის ხასიათის მიუხედავად, ერთადერთი ძმაკაცია, ვისთანაც არასდროს, სიცოცხლეში არ მიჩხუბია, ყველასთან ვარ ნაჩხუბარი, ხელითაც კი, მაგის გარდა და ახლა, აი ამ ნიადაგზე ვხოცავთ ერთმანეთს. მინდა ხოლმე, რომ მოვკლა. ვეუბნები: – „რა „ლიბერასტები“ ბიჭო, ამხელა მონსტრი გვყავს მოსაშორებელი, ამოგვაგდო ამ დედააფეთქებულმა, 222 წელია გადაგვიარა თავზე, დაღუპულები ვართ, თუ სამუდამოდ არ მოვიშორეთ…“. „არა, გინდა თუ არა, ეს „ლიბერასტები“ არანაკლები საფრთხეა, თუ მეტი არაო…“. „გაგიჟდი?..“ – ვეუბნები, – აბა აფხაზეთში რომ დამყვებოდი, ვის დასახოცად დამყვებოდი, რუსებისა ხო?… ახლა რა „ლიბერასტები“ აგიტყდა, მოგცლია ტო?… რაში გაინტერესებს, გინდა პრაიდი მოაწყონ, გინდა სპორტულ სიარულში შეეჯიბრონ ერთმანეთს, რა ჩვენი საქმეა, ვინ გვეკითხება, ჩვენი პრობლემა რატოა?.. „არაო…“ შემჯდარია ქიზიყურად დიდ ნაცარა ვირზე, ვერაფერს ვერ გააგებინებ…
არადა, ჩვენს ცხონებულ ვაჟა გიგაშვილზე ძველი ბიჭი და უბედურის ერთი, ბევრი არ იყო მწერლობაშიც კი არა ისედაც… ეგ და მაგისი ძმაკაცი, გურამ რჩეულიშვილი, ლამის ოფიციალურად ბანდიტობდნენ და ამავე დროს მშვენივრად ძმაკაცობდა სერგეი ფარაჯანოვთან… ვახტანგ ჭაბუკიანი საერთოდ მთაწმინდაზე წევს… ამან კიდევ მოიგონა რაღა საქმე… თან ეს აიჩემა ამ ბოლო დროს: – „მე ხომ ვფიქრობ, მე ხომ ვაზროვნებ…“, გააჩხმახა საქმე. თან ყველა უბედურებასთან ერთად, ბავშვობიდან ყველაფერს კითხულობს ეს ოხერი, ესეც ჩვენი დროის ქუჩის მოდა იყო, თან უნდა გეკითხა და ეგ საერთოდ ისეთი ამბავი იყო, თან „ატჩაიანნი“ და თან განათლებული – უმაღლესი პილოტაჟად ითვლებოდა რა… და ამ კითხვისგან უარესად გარეკა დონ კიხოტივით და ებრძვის ახლა ქარის წისქვილებს და კუდიანებს… რას ფიქრობ, რას აზროვნებ შეჩემა, რატი ქართველიშვილი ხარ?.. რა ჩვენი საქმეა ფიქრი და აზროვნება, ჩვენი საქმეა – მოქმედება და საქციელი: – „იაგუარ ნე დუმაეტ, ონ პროსტა ზნაეტ!..“, მომინდომა რა აქ, იოანე პეტრიწი, შოპენჰაუერი, ჰაიდეგერი და მამარდაშვილი… ვურეკავ ამასაც რომ მივულოცო და არ იღებს… არადა, მარიამმა მითხრა, სანდროს დღეში ორჯერ ურეკავს დილა–საღამოსო… აჰა, ესე იგი მე არ მელაპარაკება, რამეთუ „ეშმაკელთა მხარესა ვარ “ და „ვცბი…“ თან გულიც არ უთმენს და თავისი ნათლულისგან იგებს ჩემს ამბებს… ღვთის წყალობით, თუ დაბრუნება მეღირსა, მაგას ვაჩვენებ „ლიბერასტებს“ და „ეშმაკეულთ“ რო ვჟეჟავ კარგად!.. უნ ჩავანგრიო ძველი ბოგირივით და მერე ნახავს ვინ „ცბის“ და ვინ ფიქრობს და აზროვნებს… არ გააჭირა საქმე?.. ყველა მე უნდა ჩამაგიჟდეს ხელში, ტო?…
საერთოდ უკვე ძალიან მომენატრა ყველა, ოჯახი: – მარიამი, ფეფო, სანდრიკა, ძმები – ერეკლე და ლექსო… ძმაკაცები, დაქალები… ყველა!.. დავბერდი ეტყობა, სენტიმენტები შემომაწვა… როცა მირეკავენ კი ვცდილობ, არაფერი შემემჩნეს და რაც ძალი და ღონე მაქვს ვტრაბახობ… რა, რა და ეგ საქმე კი გამომდის – ტრაბახი – ვერ წავართმევ საკუთარ თავს და ეგრე გავდივარ იოლას… ყველაზე ხშირად ქართლოსა და სოსო თეთრაულები მირეკავენ, რეზიკო თაბუკაშვილი – რეზო საერთოდ ჩვენთან ერთად აპირებდა წამოსვლას, ეგეც ხომ ნაომარია, ბოლო გამოვიდა სოხუმიდან, მაგრამ მე და გოგა უკვე ერთი თვეა ვჩალიჩობდით აქ წამოსვლაზე. უკვე ბილეთებიც ავიღეთ და რევაზამ უბრალოდ ვეღარ მოასწრო დალაგება, თუმცა ძალიან ეცადა… ახლაც, როცა გვირეკავს, მასაც აშკარად ეტყობა მღელვარება, თან ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს… გოგიტა ნაბიაშვილიც კაი შეშინებული რეკავდა თავიდან, მაგრამ რომ დაინახა ერთი დღე, ორი დღე, ერთი კვირა, ორი კვირა და მაინცდამაინც არ ჩავწყდით, დაგვიკიდა და თავის კახურ საქმეებს მიუბრუნდა… მაგრად გვგულშემატკივრობენ გოგოებიც: – თამარ ცაგარეიშვილი, ნატალია ტროხიმი, დოდო გუგეშაშვილი,საბინა კალიბატაიტე, თეონა დოლენჯაშვილი, ინგა ჩახვაშვილი, ია ანთაძე, ანუკი იმნაიშვილი, მარიამ მანჯგალაძე, ადა ნემსაძე, ბელა წიფურია, ლიკა კევლიშვილი და ყველას ქუდს ვუხდი აქედან და უღრმეს მადლობას მოვახსენებ: – ძალიან მიყვარხართ და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ასეთი მეგობრები მყავხართ… ამისთვის ნამდვილად ღირს დაბადებაც, სიცოცხლეც, წერაც, ბრძოლაც, ომიც და სიკვდილიც…
მოკლედ გიორგი და ანრი, გილოცავთ დაბადების დღეს და რომ დავბრუნდები ადგილზე დაგელაპარაკებით და მოგთხოვთ, ძმაო… ახლა კი უკრაინის ამბებს დავუბრუნდეთ…
25 მაისს აზოვსტალიდან ბატალიონ „აზოვის“ ბოლო ჯგუფიც გამოვიდა, რომლებმაც 17 ივნისს რუსეთთან ჩაბარებაზე უარი განაცხადეს… ერთი მხრივ, გული მისკდება, რუსების ხელში რომ აღმოჩნდნენ, მეორეს მხრივ, ძალიან მიხარია, რომ ცოცხლები გადარჩნენ და არავინ გაბედოს ჩემთან და იმის განსჯას არ მოჰყვეს – როგორ ჩაბარდნენ და რატომ ვერ გაძლეს, თორემ მე თვითონ ჩავიბარებ იმათ და ვაჩვენებ რუსეთის არმიის კი არა, ჩემი გაძლებაც რომ ძალიან ძნელია… როგორ მოხვდნენ ასე ალყაში და რატომ ვერ მოხერხდა ამ ალყის გარღვევა, აფხაზეთის ომისა და სოხუმის დაცემის არ იყოს, ომის დამთავრების შემდეგ, ალბათ ამასაც სპეციალური და საფუძვლიანი გამოკვლევა და გამოძიება დასჭირდება… მხოლოდ ის მიკეთებს და მიქართულებს ცოტა გულს, როგორც ცხინვალში ამბობენ – რომ ძალიან ღირსეულად, თავაწეულები და მშვიდები გამოდიან გოგოიან ბიჭიანად, შიშის, ეჭვის ან შეშფოთების ნასახი არ ეტყობათ… იციან, რაც გააკეთეს და რომ ეს გმირობა მათ შთამომავლებს გაჰყვება საამაყოდ, სახსოვრად და მოსაგონებლად მეორედ მოსვლამდე…
დღის ბოლოს დაუნდობლად დაბომბეს ჩვენი ზაპოროჟიე, სადაც 19 მაისს ვიყავით და კრივოი როგი… განუწყვეტლივ და ძალიან ინტენსიურად იბომბება ხარკოვი – სუმის დამაკავშირებელი ტრასა, რის შედეგადაც საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლის ქვეშ მოჰყვა უკრაინული სამხედრო ტექნიკა და შეფერხდა მათი წინსვლა… არსებობს ცნობები, რომ პუტინის პირადი ბრძანებით, ზოპოროჟიეს ოლქი და ხერსონში უკვე დაიწყეს რუსული პასპორტების დარიგება… ადრეც მოგახსენეთ, რომ რუსეთი ოკუპაციისა და ანექსიის მეთოდების მრავალფეროვნებით თავს მაინცდამაინც არ იწუხებს… ზუსტად ასევე მიმდინარეობდა ცხინვალსა და აფხაზეთში რუსული პასპორტების დარიგება, ოკუპაციამდეც და ოკუპაციის შემდეგაც. ახლა კი უკრაინის ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების „ცხინვალიზაცია„ მიმდინარეობს….. უკრაინაში, ხერსონში, ყირიმში, მარიუპოლში და დონეცკში, ცხინვალი და აფხაზეთი მეორდება…