ქართველი სამხედროს საქმე, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს თავდაცვას ჰქონდა, რუს სამხედროებს ჩაუვარდათ ხელში

პუბლიკა

უკრაინაში, ე.წ. ლუჰანსკის სახალხო მილიციის პრესსამსახურმა გაავრცელა პროპაგანდისტული ვიდეომასალა, სადაც ოკუპირებულ ლისიჩანსკში, მათი მტკიცებით, „უკრაინელი ნაცისტების საწვრთნელი ბაზა“ იპოვეს. ვიდეოკადრებში კი მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე ჩანს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ნიშნები აქვს.

ვიდეოსიუჟეტში საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი ამბობს, რომ ბაზაზე უკრაინელ სამხედროებს უცხოელი დაქირავებულები ამზადებდნენ. ამის მტკიცებულებად მოჰყავთ სწორედ მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე, რომლებიც მათი მტკიცებით, იქ დახვდათ.

როგორც კადრებიდან ჩანს, პირადი საქმის მიხედვით, მიხეილ ქამხაძე უკვე სამხედრო ვეტერანია. კადრებში ჩანს მისი პირადი ინფორმაცია, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გავლილი სწავლებების დამადასტურებელი სერტიფიკატებისა და სხვა დოკუმენტების ასლები.

მიხეილ ქამხაძე, რომელიც ახლა უკრაინაში მსახურობს, თავისი პირადი საქმის საოკუპაციო ძალების ხელში აღმოჩენის შესახებ „მთავარ არხს“ ესაუბრა. ქამხაძე ამბობს, რომ პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროს არქივში იყო დაცული და ვარაუდობს, რომ ის რუსულ მხარეს სწორედ არქივიდან გადასცეს.

ქამხაძე ჰყვება, რომ მან საქართველოს თავდაცვის ძალებში 34 წელი იმსახურა და სამხედრო კარიერა 2016 წელს დაასრულა. მისი თქმით, სწორედ მაშინ უნდა შედგენლიყო მისი პირადი საქმე.

ქართველი სამხედრო ჰყვება, რომ კარიერის დასრულების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ მას ინსტრუქტორობა შესთავაზა, რისთვისაც მოაგროვა ყველა დოკუმენტი და შესაბამის ადგილას დატოვა.

„ეს პაპკა ხელში ფიზიკურად ვერ მექნებოდა, ეს პაპკა რომ მივიტანე „კადრებში“, სატანკო ქარხანაში დავტოვე და მითხრეს, რომ დაელოდე ზარს, დაელოდე დანიშვნას და შეგატყობინებთო. გაიწელა, გაიწელა ეს ჩემი დანიშვნა და რომ მოვიდა 2017 წელი, უკრაინაში წამოვედი…

…ეჭვიც არ მეპარება, რომ ინფორმაცია იქ [რუსეთში] აქედან გავიდა, რომ ასეთი პიროვნებაა ჩამოსული, ამზადებს ხალხს და იქიდან მოითხოვეს მერე [პირადი საქმე]“, – ამბობს მიხეილ ქამხაძე „მთავარ არხთან“.

მიხეილ ქამხაძის პირად საქმესთან დაკავშირებით „პუბლიკა“ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს. უწყების პოზიციას პასუხის მიღებისთანავე გაგაცნობთ.