სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, არანაირი დრამატული სიტუაცია საზღვრის კვეთაზე არაა - მინისტრი

პუბლიკა

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა, ასევე ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა.

მისი თქმით, გაზრდილი ნაკადებიდან გამომდინარე პასუხისმგებელი უწყებების თანამშრომელთა დატვირთვა გაზრდილია, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი მუშაობს ნამდვილად განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში, რა თქმა უნდა, ყველა ვხედავთ, რომ გაზრდილია ნაკადები შემომსვლელების, როგორც სატვირთო მიმართულება, ასევე ფიზიკური პირები, რომლებიც კვეთენ საქართველოს საზღვარს.

ამ მიმართულებით სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს, არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. გაზრდილია როგორც შემომსვლელების რაოდენობა ქვეყანაში, ასევე გაზრდილია ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა. შესაბამისად, მკაცრად ხდება აღნიშნული საკითხის მონიტორინგი”, – ამბობს მინისტრი.

შეკითხვაზე, როგორი პოლიტიკა მოქმედებს საზღვარზე, რა საფუძვლებით ხდება შემომსვლელთა კონტროლი, მინისტრი აღნიშნავს:

„ბუნებრივია, საბაზო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება იმ წესების მიხედვით, რაც დადგენილია. შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება ხდება გამშვებ პუნქტებზე, შესაბამისი ანალიზი ხორციელდება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ პირთან მიმართებით”, – ამბობს ხუციშვილი.