მამუკა ბახტაძე ბატიაშვილის გადადგომას ეხმაურება და მადლობას უხდის

პუბლიკა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიხეილ ბატიაშვილის განათლების მინისტრის პოსტიდან გადადგომას ეხმაურება და მას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.

„განათლება არის ეროვნული იდეა და მას ალტერნატივა არ აქვს“,- წერს ბახტაძე ფეისბუქის პოსტში.

„მიხეილ ბატიაშვილმა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ეროვნულ საქმეში, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო მომავალ საქმიანობაში.

აღსანიშნავია, რომ მისი მინისტრობის დროს განსაკუთრებული წარმატებები გვქონდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის მიმართულებითაც.

ასევე მინდა, აღვნიშნო მიღწევები მეცნიერების მიმართულებით, განსაკუთრებით კი მინდა გამოვყო EUROXESS-ში გაწევრიანება, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს მეცნიერებსა და მკვლევარებს.

წარმატებას ვუსურვებ როგორც მთავრობას, ისევე სამინისტროს გუნდს განათლების – ეროვნული იდეის შეუქცევადი განვითარების პროცესში“,- წერს ბახტაძე.

**********

მიხეილ ბატიაშვილი „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დანიშნული მეხუთე განათლების მინისტრი იყო. დღეს ბატიაშვილმა თანამდებობა ისე დატოვა, რომ მისი შემცვლელი მთავრობის სხდომაზე არ დაუსახლებიათ.

ყველა წინა შემთხვევაში მინისტრის გადადგომასთან ერთად სახელდებოდა მისი შემცვლელიც. ეს შემთხვევა ამ კუთხით განსხვავებულია.

მინისტრობის სავარაუდო კანდიდატების შესახებ ინფორმაცია მედიაში უკვე ვრცელდება. დასახელდა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი, რომელმაც ეს ფაქტი უარყო და თქვა, რომ ამ ვერსიის არსებობის ობიექტური მიზეზები არ არსებობს.

დასახელდა მინისტრის მოადგილის, გიორგი ვაშაკიძის კანდიდატურაც.

პრემიერის აპარატში ამბობენ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს და ბატიაშვილის შემცვლელის ვინაობა ჯერ ცნობილი არაა.