როგორ აფასებს სიმონ ჯანაშია ბატიაშვილის გადადგომას

ლიკა ზაკაშვილი

„თუ სისტემის შიგნიდან დანიშნეს ახალი მინისტრი, ნიშნავს, რომ მთავრობა ზოგადად კმაყოფილია განათლების პოლიტიკით და, უბრალოდ, ადამიანი არ მოსწონდათ; თუ გარედან მოიყვანეს, ეს ნიშნავს, რომ განათლების სისტემის პოლიტიკაც არ მოსწონს მთავრობას.“ – ასე აფასებს განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია განათლების მინისტრის გადადგომას და ფიქრობს, რომ მიხეილ ბატიაშვილი მაინც და მაინც წარმატებული არჩევნების მინისტრი არ ყოფილა და შესაძლოა, ეს იყო მისი გადადგომის მიზეზი.

„მე მგონია, რომ ბატიაშვილი მაინც და მაინც წარმატებული არჩევნების მინისტრი არ იყო. 2018 წლის  საპრეზიდენტო არჩევნების დროს განათლების სამინისტროს უკავშირდებოდა მთავარი სკანდალი – ია კერზაიას გარდაცვალების საქმე. ყველამ იცის, რომ ეს ინსპექტირება სამინისტროს ინიციატივა არც ყოფილა. ეს იყო ძალოვნების, მათ შორის, გახარიას დავალება. ამ შემთხვევაში გამოჩნდა, რომ სამინისტრო მაინც და მაინც დიდი ენთუზიაზმით არ იცავდა ძალოვნების მოქმედებებს. ასევე, შეიძლება, ეს გადაწყვეტილება ნიშნავდეს იმასაც, რომ ახლა უფრო პოპულარული მინისტრი უნდათ.“ – ამბობს სიმონ ჯანაშია.

სიმონ ჯანაშიას თქმით, ბატიაშვილის მინისტრობის პერიოდში იყო დადებითი ცვლილებებიც განათლების სისტემაში.

ის გამოყოფს რამდენიმე მიმართულებას, კერძოდ – გამოსაშვები და მისაღები გამოცდების რეფორმას, ასევე, სკოლებში მასწავლებელთა როტაციის დაჩქარებას და სისტემიდან პენსიონერი პედაგოგების გაშვებისა და ახალი კადრების შემოყვანის მცდელობას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გაჩერებაც.

„დადებითი არის ის, რომ ძალიან გაბედული და სწორი ნაბიჯი მიიღო გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასა და სავალდებულო გამოცდების შემცირებასთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და გაბედული. ან ცვლილებებს უკამყოფილებაც მოჰყვა და კმაყოფილებაც. სკოლის მოსწავლეები კმაყოფილები იყვნენ. უკმაყოფილოები იყვნენ პედაგოგები და რეპეტიტორები.

მნიშვნელოვანი იყო სკოლებში მასწავლებლის როტაციის დაჩქარება წამახალისებელი პროგრამით, რომლის მიხედვითაც, პენსიონრებს მისცეს საკომპენსაციო პაკეტი. ეს იყო მნიშვნელოვანი, რადგან სხვანაირად ამ სისტემაში ახალი ხალხი ვერ შემოდიოდა.

მესამე ძალიან კარგი იყო ისიც, რომ წლების განმავლობაში გადაყრილი ენერგია მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში გააჩერა, რადგან უაზრო ბიუროკრატიაში იხარჯებოდა დრო და ენერგია.

უარყოფითი იყო ის, რომ ახალი ინიციატივები, ზოგადად სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის, იყო დაუსაბუთებლად შემოტანილი. ახალი სკოლის მოდელს ვგულისხმობ. ასევე, სკოლების დეპოლიტიზაციის მიმართულებით არ მუშაობდნენ მიზანმიმართულად და მთავარი, ისევ გავიმეორებ, ია კერზაიას საქმე. კერზაიას საქმემ აჩვენა, რომ სამინისტრო რჩება სადამსჯელო მექანიზმად და არა პარტნიორად სკოლის.“ – ამბობს სიმონ ჯანაშია.