„ჩვენ, ფაქტობრივად, მისული ვართ რეაბილიტაციის ფაზასთან“ - ნადირაძე სააკაშვილის მკურნალობაზე

პუბლიკა

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე „იმედი LIVE-ის“ ეთერში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება ინტენსიური თერაპიის ან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაყვანა, მისი მკურნალობა რეაბილიტაციის ეტაპზეა.

„დღევანდელ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მისი ლაბორატორიული და ინსტუმენტული კვლევის მონაცემები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პაციენტი აგრძელებდეს მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში.

მას არ სჭირდება ინტენსიური დაკვირვება, არ სჭირდება ინტენსიური თეარპიის თუ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაყვანა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომ „თქვენ ვერ მკურნალობთ, არ მკურნალობთ, ის, რომ დიაგნოზები არ არის დასმული“… დიაგნოზებიც დასმულია, მკურნალობაც მიმდინარეობდა, ჩვენ, ფაქტობრივად, მისული ვართ რეაბილიტაციის ფაზასთან და რეაბილიტოლოგზე შევთავაზეთ, რომ თუ უნდათ, თავისი მოიყვანონ და გამოთქვეს სურვილი, რომ თავისას მოიყვანენ და ველოდებით მის გამოჩენას“, – ამბობს „ვივამედის“ დირექტორი.

ექიმის განმარტებით, სააკაშვილს იმ მდგომარეობის სრული მიუღებლობა აქვს, რომელშიც იმყოფება, რაც ართულებს მისი გამოჯანმრთელების პროცესს.

„მას აქვს რული მიუღებლობა იმ მდგომარეობის, სადაც იმყოფება. რაც კატეგორიულად ამძიმებს დინამიკას, რომ სწრაფად აღდგეს ყველაფერი, სწრაფად წამოვიდეს პროცესები და მკურნალობას ჰქონდეს ბევრად მეტი ეფექტი, რაც მას ექნებოდა თავისუფლების პირობებში.

გავიხსენოთ იულია ტიმოშენკო, რომელიც ციხიდან სავარძლით გამოვიდა, იყო ძალიან მძიმედ ციხეში და დროს ვერ დავასახელებ, ძალიან მალე წარდგა საზოგადოების წინაშე მაღალი ქუსლებით და თავისი ვარცხნილობით“, – თქვა მან.

ნადირაძე აცხადებს, რომ კლინიკას სააკაშვილის თანხმობის გარეშე მისი სამედიცინო ისტორიის გასაჯაროება არ შეუძლია, მაგრამ დაცვის მხარეს მისი დიაგნოზისა და ჩატარებული მკურნალობის შესახებ სრული ინფორმაცია ხელთ აქვთ და სპეკულაციების დასასრულებლად შეუძლიათ გაასაჯაროონ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული მკურნალობით უკმაყოფილო არიან და იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროს ალტერნატიული კვლევების ჩატარების მიზნით ექსპერტებისა და ექიმების დაშვების თხოვნით მიმართავენ.

მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ასევე მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მიზნებით საზღვარგარეთ გადაყვანაა.