ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგოს დაღუპვის საქმეზე დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ გააკეთა. მისი განმარტებით, ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს, თბილისის მუნიციპალიტეტი იბარებს კონკრეტული ეტაპის დასრულებულ სამუშაოს, რომელსაც თან ახლავს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციის შემთხვევაში, საექსპერტო დასკვნა ყველა ეტაპზე დადებითი იყო.
„როცა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კასკადის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ჩვენ შევადგინეთ ტექნიკური დავალება, ამ რეაბილიტაციის პროექტზე, სადაც იყო ჩადებული ის ნორმა თუ სტანდარტი, რაც ქვეყანაში მოქმედებს. ამის საფუძველზე შემუშავდა პროექტი, და შემდგომ მოხდა ამ პროექტის ექსპერტიზა. ეს იყო პირველი ეტაპი…
შემდგომ, როცა უკვე დაექსპერტებული პროექტი ჩავიბარეთ, მოხდა მეორე სახელმწიფო შესყიდვა უშუალოდ სამუშაოებზე. ჩვენ არ შეგვისყიდია ცალკე შადრევანი, ელექტროგაყვანილობა ან რამე კომპონენტი, ჩვენ შევისყიდეთ კასკადის სრულყოფილი რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავდა ყველა საჭირო კომპონენტს”, – აღნიშნა ბასილაიამ.
მისივე თქმით, პროექტის განხორციელების დაწყებიდან, თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ „დაექსტპერტებული დოკუმენტი” დედაქალაქს ჩაბარდა. და მისივე თქმით, ყველა მათგანი დადებითი იყო.
„რამდენიმე ეტაპი ასეთი ჩაბარდა, ყველა ასეთი ეტაპი არის დაექსპერტებული და ჩაბარებული. მათ შორის შადრევნის ნაწილი. უშუალოდ შადრევნის ნაწილის საექსპერტო დასკვნა არის 500 გვერდზე მეტი, ეს ასევე დევს ვებგვერდზე,
რაც შეეხება ჩვენს სამსახურებს – ჩვენი სამსახური ამოწმებს, აკრედიტებულია თუ არა ექსპერტი, აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობის შემოწმების უფლება და ასევე დასკვნის შინაარსს ამოწმებს, არის თუ არა დასკვნა დადებითი. დასკვნა ცალსახად ყველა ეტაპზე იყო დადებითი. ცალსახად ყველა ეტაპზე დასკვნაში ნახსენები იყო, რომ შესრულებული სამუშაო პროექტს შეესაბამება და ეს პროექტი ქვეყანაში ყველა არსებული სამშენებლო ნორმის მიხედვით არის შესრულებული. შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთი დასკვნის დროს ჩაბარებაზე თანხმობა არ გაეცათ.
თბილისის მუნიციპალიტეტს ამ შემთხვევაში არ და ვერ ეყოლებოდა ყველა დარგის ექსპერტი, რომ შესაბამისი ექსპერტიზის ექსპერტიზა მომხდარიყო”, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მისივე თქმით, მერიის თანამშრომელს არ ჰქონდა შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ ეჭვი შეეტანა სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნაში.
მისივე ცნობით, ბოლო ეტაპის სამუშაოები კომპანია „მშენ ექსპერტმა” შეაფასა.
13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას კი დენმა დაარტყათ. დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგონა დაიღუპა. კლინიკაში გადაიყვანეს კიდევ 2 ბავშვი. ისინი კლინიკიდან უკვე გაწერილები არიან.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე საქმეზე ბრალდებული არავინაა.