საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ „აშშ-ს არაერთი მიკერძოებული პოლიტიკოსად ქცეული არასამთავრობო ორგანიზაციისგან არც მთლად სწორად მიეწოდება ინფორმაცია, შესაძლოა, ამან განაპირობა ასეთი შეხედულების ჩამოყალიბება“.
სარჯველაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ცდილობდა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ აშშ საქართველოს ზურგს შეაქცევდა, ამ რიტორიკას კი ნედ პრაისმა საფუძველი გამოაცალა.
„ოპოზიციის ნარატივი, რასაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, შეესაღებინათ, როგორც სიმართლე საზოგადოებისთვის, რომ აშშ-სგან გაწყრომას და ზურგის შექცევას ელოდა საქართველოს მხარე, ეს რიტორიკა სილაგაწნული აღმოჩნდა ნედ პრაისის მხრიდან, რომელმაც თქვა, რომ თანამშრომლობა გრძელდება და არსებობს თანამშრომლობა აშშ-სთან. ამ რიტორიკას არავითარი საფუძველი არ აქვს, რომლითაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდათ.
რაც შეეხება ნედ პრაისის განცხადებას უკუსვლაზე, უმჯობესია, ალბათ, ამ საკითხზე კონკრეტული რეფორმები დავასახელოთ და ამის შემდეგ შევაფასოთ. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ განსხვავებული შეხედულებები გვქონდეს ამასთან დაკავშირებით – აშშ-ს არაერთი მიკერძოებული პოლიტიკოსად ქცეული არასამთავრობო ორგანიზაციისგან მიეწოდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, არც მთლად სწორად არის მიწოდებული ინფორმაცია და შესაძლოა, ამან განაპირობა ასეთი შეხედულების ჩამოყალიბება. ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას, მათ შორის იმ მიმართულებით, რომ ასეთი შეფასების მიზეზი არავის და უპირველესად, ჩვენს პარტნიორებს არ ჰქონდეთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„საქართველოს მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან დაგვიანებამ, უკუსვლა გამოიწვია“, – ასე უპასუხა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც მან საქართველოს შესახებ დაუსვა.
ჟურნალისტმა ნედ პრაისს ჰკითხა – ჰქონდა თუ არა აშშ-ს კონსულტაციები უკრაინასთან იმ სანქციებზე, რომელიც უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვას დაუწესა?
„ჩვენ გვაქვს მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან. მე მათ [უკრაინელ პარტნიორებს] გადავაბარებდი საუბარს ნებისმიერ სანქციაზე, რაც მათ შეიძლება გამოსცენ. რაც შეეხება საქართველოს – არაერთხელ გსმენიათ ჩვენგან და ვფიქრობ, ეს ადრეც გითხარით, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ერთგულად საქართველოს მთავრობასთან მუშაობას, რადგან ქვეყანა ახორციელებს იმ რეფორმებს, რომლებიც მოითხოვა ევროკავშირმა, ამ შემთხვევაში – ევროკომისიამ. ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ საქართველოსთან ამ გზაზე, ევროპულ მისწრაფებებისთვის“, – განაცხადა ნედ პრაისმა.